ფეხბურთი

2:01 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთი კაცის წარმოდგენა მარადიულ ქალაქში

საშობაო შესვენების შემდეგ იტალიის სერია A ერთი მატჩით განახლდა. რომში, ადგილობრივმა “ლაციომ” გენუის “სამპდორია" მიიღო.

მატჩს ინტერესი არ აკლდა. ორივე გუნდი მესამე ადგილს იყოფდა და შეხვედრას 6 ქულიანიც კი ეთქმოდა. მატჩი მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და დედაქალაქელებმა 3 ქულა ადვილად მოიპოვეს. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა კი, რომელსაც აქამდე ერთადერთი შეხვედრა წაეგო, ალბათ სეზონის უსუსტესი თამაში აჩვენა. ანგარიში ტაიმის მიწურულს გაიხსნა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ბრაზილიელმა ფელიპე ანდერსონმა მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და საჯარიმოში შერბენილი მარკო პაროლო მოძებნა, რომელმაც ემილიანო ვივიანოს კარში ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა. “ლაციალემ” ანგარიშის სხვაობის გაორმაგება სამ წუთში მოახერხა. ამჯერად თავის გამოჩენა პირველი გოლის ასისტენტმა შეძლო. სამხრეთამერიკელმა დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 67-ე წუთზე “ბიანკოჩელესტეს” საუკეთესო ბომბარდირმა, სერბმა ფილლიპ ჯორჯევიჩმა დააფიქსირა. ამ ეპიზოდში ისევ შეუდარებელი იყო ანდერსონი, რომელმაც თითქმის მთელი მოედანი გაირბინა და გზად ყველა შემხვედრის მოტყუებაც შეძლო, ხოლო ჯორჯევიჩს ცარიელ კარში გაატანინა. ფელიპე ანდერსონი თუ ასე გააგრძელებს გრანდების რიგი ალბათ, სულ მალე დაუდგება. “ლაციომ” მოპოვებული გამარჯვებით 30 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს მინიმუმ ხვალამდე ერთპიროვნულად დაეპატრონა. ხოლო “სამპდორია” 27 ქულით ისევ მეხუთე ადგილზე იმყოფება.

მე-17 ტურის დანარჩენი ცხრა შეხვედრა ხვალ, 6 იანვარს გაიმართება.

“ლაციო” – “სამპდორია” 3:0 (2:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა (კავანდა 46), რადუ; პაროლო, ლულიჩი (ონაზი 50), ბილია; მაური (მაური 78), ჯორჯევიჩი, ანდერსონი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კაჩატორე, გასტალდელო, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი (ბერგესიო 68), პალომბო, სორიანო; რიცო (ვსზოლეკი 46); ედერი (დანკანი 74), ოკაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 პაროლო (38), 2:0 ანდერსონი (41), 3:0 ჯორჯევიჩი (67)

გაფრთხილება: სანა (45), ბასტა (56) – გასტალდელო (20), სორიანო (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (8) - 2 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 12:1 გაფრთხილება: 2:2

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 10 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 8, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 8.

თეგებისერია A
0.118402