მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 32-ივე ნაკრები არ გამოვლენილა, მაგრამ უკვე ცნობილია ის 7 ნაკრები, რომლებიც წილისყრისას პირველ კალათაში იქნებიან. მერვე ჯერ არაა ცნობილი, მაგრამ დიდი ალბათობით, ურუგვაი პლეი-ოფში დაამარცხებს იორდანიას და ის იქნება საუკეთესოთა კალათაში. წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება, პირველი კალათა კი ფიფას დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით შედგება.
I კალათა: ბრაზილია, ესპანეთი, გერმანია, არგენტინა, კოლუმბია, ბელგია, შვეიცარია და სავარაუდოდ, ურუგვაი. თუ ურუგვაი ვერ გავა, პირველ კალათაში ჰოლანდია მოხვდება.
დანარჩენი კალათები არა მხოლოდ რეიტინგის, არამედ კონტინენტური პრინციპით განაწილდება. მაგალითად, აზიის ორი ნაკრები ერთად ვერ მოხვდება – ანალოგიურად, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის. და ევროპიდან ერთ ჯგუფში 3 გუნდი ვერ იქნება: ზოგან 1 იქნება, ზოგან - 2.
საბოლოოდ, 32-ვე ნაკრების სია 19 ნოემბერს გახდება ცნობილი, როცა პლეი-ოფები დასრულდება.