კალათბურთი

16:18 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 6 ქულა ტალინელებთან მატჩში

ვთბ-ლიგის მორიგ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ტალინის “კალევი” მიიღო და იოლი გამარჯვება იზეიმა – 102:81. ესტონურმა კლუბმა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყოჩაღა, რომელიც 4 ქულის სხვაობით მოიგო, შემდეგ კი, მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 21:33 წუთში კი 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა მცველმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

“არმიელთა” რიგებში 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესო კი სერბ მილოშ ტეოდოსიჩი იყო 22 ქულით, თანაც, მან 20 ქულა პირველ ტაიმში მიითვალა.

ცსკა-მ 14 მატჩში მე-13 გამარჯვება იზეიმა და ვთბ-ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, შემდეგ მატჩს კი, 11 იანვარს, სარატოვში “ავტოდორთან” ჩაატარებს. მანამდე, 8 იანვარს, მარკოიშვილის გუნდი ევროლიგის ეგიდით თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” დაუხვდება.

0.11607