15 დღიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A დღეს ერთი მატჩით განახლდება. რომში, “ლაციო” გენუის “სამპდორიას” უმასპინძლებს. 2015 წლის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი კი ხვალ გაიმართება. ტურინში დიდი იტალიური დერბია – “იუვენტუსი” “ინტერნაციონალეს” მასპინძლობს. “იუვეს” მდევარი, დედაქალაქური “რომა” “უდინეზეს” სტუმრობს. დანარჩენზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
“ლაციო” – “სამპდორია”
თარიღი: 5 იანვარი, 23:45 წუთი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
მე-17 ტური საინტერესო მატჩით დაიწყება. “ლაციოცა” და “სამპდორიაც” მიმდინარე სეზონს კარგად ატარებენ და მესამე ადგილისთვის იბრძვიან. ორივე გუნდს აქტივში 27-27 ქულა აქვთ. რომაელებს უკვე 4 შეხვედრაა მოედანი უქულოდ არ დაუტოვებიათ, ხოლო სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს საერთოდ ერთადერთი მარცხი აქვს განცდილი. წესითა და რიგით მატჩი კარგი საყურებელი უნდა გამოვიდეს. გენუელები მატჩს დანაკლისით ხვდებიან. ცოტა ხნის წინ გუნდის ლიდერი მანოლო გაბიადინი “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ; პაროლო, ლედესმა, ლულიჩი; ანდერსონი, ჯორჯევიჩი, მაური
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კაჩატორე, გასტალდელო, რომანიოლი, რეჯინი; რიცო, პალომბო, ობიანგი; სორიანო; ედერი, ოკაკა
მსაჯი: კალვარეზე
“უდინეზე” – “რომა”
თარიღი: 6 იანვარი, 15:30 წუთი
ადგილი: უდინე, “ფრიული”
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს უდინეს “ფრიული”, სადაც ადგილობრივი “უდინეზე” “რომას” მასპინძელი იქნება. მასპინძლები სეზონს არასტაბილურად ატარებენ და ცხრილის შუაში არიან გაჩხერილნი. ხოლო “რომას” წლეულს ერთადერთი მიზანი აქვს დასახული – სკუდეტო. რუდი გარსიას შეგირდები კონკურენტ “იუვენტუსს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა “ჯალოროსისთვის” ქულების განიავების დრო ნამდვილად აღარ არის. წინა ტურში დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე “მილანს ვერაფერი დააკლეს, ამიტომაც უდინეში ისინი მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; პირისი, დანილო, დომიცი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, კონე, პასკუალე; ფერნანდესი; დი ნატალე
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; იტურბე, დესტრო, ლიაიჩი
მსაჯი: გუიდა
“კიევო” – “ტორინო”
თარიღი: 6 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
ვერონაში სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მყოფი გუნდები “კიევო” და “ტორინო” დაუპირისპირდებიან. წლეულს ორთავე გუნდი მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის. მასპინძლებს მას შემდგომ, რაც მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ წინსვლა აქვთ და გასავარდნი ზონიდანაც მოახერხეს ამოძრომა. “მფრინავმა ვირებმა” მე-16 ტურში ვერონული დერბი მოიგეს და გასული წელი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულეს. რაც შეეხება “ტორინოს”, გუნდი წლეულს ორ ფრონტზე თამაშობს და შიდა ჩემპიონატს მთელ ყურადღებას ვერ უთმობს. ბოლო ტურში ჯამპიერო ვენტურას შეგირდებმა დრამატულ ბრძოლაში “ჯენოას” სძლიეს და მოუგებელი სერია შეწყვიტეს. წარმატებული თამაშის გაგრძელებას ტურინელები სიყვარულის ქალაქაშიც შეეცდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, ცეზარი, დაინელი, ძუკანოვიჩი; ბირსა, იცკო, კოფიე, ჰეტემაი; პალოსკი, მეჯორინი
“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, გასტონ სილვა; პერესი, ვივესი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; კვალიარელა, მარტინესი
მსაჯი: აბისო
“ემპოლი” – “ვერონა”
თარიღი: 6 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”
ლევან მჭედლიძის “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “ჰელას ვერონას” მიიღებს. გუნდები გადარჩენისთვის იბრძვიან და ამ წუთისთვის 17-17 ქულას იხვეჭენ. მაურიციო სარის “ემპოლი” უკვე მიჯრით 6 შეხვედრაა არ აგებს, აქედან უკანასკნელი ოთხი მატჩი ფრედ დაასრულეს. ბოლო ტურების მიხედვით გაცილებით წარუმატებლად ასპარეზობს “ვერონა”. ანდრეა მანდორლინის გუნდმა ბოლო 5 ტურში ოთხჯერ წააგო. ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ “ემპოლელთა” ქართველი თავდამსხმელს გვარი შეხვედრის სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; ვერდი; მაკარონე, ტავანო
“ვერონა” (3-5-2): რაფაელი; სორენსენი, მორასი, როდრიგესი; მარტიჩი, ლაზაროსი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი, აგოსტინი; ლოპესი, ნენე
მსაჯი: ჯაკომელი
“ჯენოა” – “ატალანტა”
თარიღი: 6 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
გენუაში “ჯენოა” ბერგამოს “ატალანტას” მასპინძლობს. გენუელებმა ბოლო ორი შეხვედრა წააგეს, თუმცა სატურნირო ცხრილში ევრო ზონაში ადგილს მაინც ინარჩუნებენ. გუნდს 26 ქულა აქვს დაგროვილი და მესამე ადგილთან ერთადერთი ქულა აშორებს. თავის მხრივ, განსხვავებულია სტეფანო კოლანტოუონოს გუნდის ამოცანები. “ატალანტა” გასავარდნ ზონას მხოლო ერთი საფეხურით და 3 ქულითაა დაშორებული. მიმდინარე სეზონში “ნერაძური” სტაბილური თამაშის ჩვენებას ჯერჯერობით ვერაფრით ახერხებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; სტურარო, რინკონი, ბერტოლაჩი, ანტონელი; იაგო ფალკე, მატრი, ლესტიენი
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ძაპაკოსტა, ბენალუანე, სტენდარდო, დრამე; დ’ალესანდრო, ბაზელი, კარმონა, მორალესი; ბიანკი, დენისი
მსაჯი: ირატე
“მილანი” – “სასუოლო”
თარიღი: 6 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: მილანი, “სან სირო”
“მილანი” “სასუოლოს” უმასპინძლებს. “როსონერიმ” საშობაო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა და ამხანაგურ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” უშანსოდ დაამარცხა. გარდა ამისა, ალესიო ჩერჩის სახით საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელით გაძლიერდა. “როსოენერი” ემილიელთა წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვებას გეგმავს, რადგან გუნდს სასეზონო ამოცანა აქვს შესასრულებებლი, რაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრით განისაზღვრება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი კი ჯერჯერობით მშვიდადაა და გასავარდნ ზონას 8 ქულითაა დაცილებული. ამ გუნდთა ბოლო შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და მაშინ “ნეროვერდიმ” სახელოვან მეტოქეს დომენიკო ბერარდის პოკერის წყალობით 4:3 აჯობა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; რამი, ალექსი, ძაპატა, დე შილიო; პოლი, მონტოლივო, მუნტარი; ბონავენტურა, მენესი, ელ შაარავი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
მსაჯი: დი ბელო
“პალერმო” – “კალიარი”
თარიღი: 6 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”
კუნძულელთა დერბია სიცილიაში. “პალერმო” ბოლო ხანებში წაუგებლად ასპარეზობს და ამ შეხვედრის ფავორიტადაც მიიჩნევა. განსაკუთრებით ნაყოფიერად გუნდის შემტევი ხაზი გამოიყურება პაულო დიბალას მეთაურობით, რომელსაც უკვე გრანდთა ინტერესის რიგების უდგას. სიცილიელთაგან განსხვავებით სეზონს საშინლად ატარებს “კალიარი”. გუნდი 12 ქულით გასავარდნ ზონაშია და თამაშს, თამაშზე აგებს. ხვალინდელ შეხვედრაში იტალიური სამწვრთნელო დებიუტი ექნება წარსულში ცნობილ იტალიელ ფეხბურთელ ჯანფრანკო ძოლას, რომელმაც სარდინიული გუნდი ახლახან ჩაიბარა. ვნახოთ, რამდენად წარმატებული სამწვრთნელო დებიუტი ექნება ლონდონის “ჩელსის” ყოფილ ლიდერს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ფედალი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა
“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; კრესეტიჯი, კონტი, ეკდალი; ფარიასი, იბარბო, კოსუ
მსაჯი: დოვერი
“პარმა” – “ფიორენტინა”
თარიღი: 6 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”
ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერი “პარმა” “ფიორენტინას” უმასპინძლებს. რობერტო დონადონის გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ევროზონაში მოხვედრა შეძლო, წლეულს კატასტროფულად ასპარეზობს. უფრო სწორად “პარმას” მდგომარეობას აღარც კატასტროფული ეთქმის. თავად განსაჯეთ, გუნდს 16 შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა აქვს მოპოვებული. განსხვავებული მიზნები და ამბიციები ამოძრავებს მის ხვალინდელ მეტოქეს. ფლორენციაში ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებობენ. ამჯერად გუნდმა შედეგები ბოლო ტურებში გამოასწორა და დასახულ მიზანთან დაშორება დღეისათვის 3 ქულიანია. ვინჩენცო მონტელას გუნდი “ტარდინიზე” გასამართი მატჩის ფავორიტად მიიჩნევა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პარმა” (3-5-2): მირანტე; კოსტა, პალეტა, ლუკარელი; კასანი, მაური, ლოდი, გობი, დე ჩელიე; პალადინო, კასანო
“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; სავიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი, კურტიჩი, პიზარო, მატი ფერნანდესი, ალონსო; კუადრადო, გომესი
მსაჯი: დამატო
“ჩეზენა” – “ნაპოლი”
თარიღი: 6 იანვარი, 21:00 საათი
ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”
ჩემპიონატის კიდევ ერთი აუტსაიდერი “ჩეზენა” “ნაპოლის” მასპინძელი იქნება. “ბიანკონერები” პირველი ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მოუგებლად ასპარეზობენ და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “პარმას’ სჯობნიან. გუნდს ჯერჯერობით ვერც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო დი კარლომ უშველა. “ნაპოლიმ” გასული წელიწადი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა და იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსს” აჯობა. ნეაპოლური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაშია, თუმცა “აძურის” მეორე ადგილისთვის ბრძოლაზე მეტად მესამე ადგილის შენარჩუნება აფიქრებს. კონკურენტთა რიცხვი მართლაც, რომ ბევრია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჩეზენა” (3-5-2): ლეალი; ვოლტა, ლუკინი, კაპელი; ჯორჯი, კარბონერო, ზე ედუარდო, კაშონე, მაძოტა; ბრიენცა, ალმეიდა
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ბრიტოსი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი
მსაჯი: მასა
“იუვენტუსი” – “ინტერი”
თარიღი: 6 იანვარი, 23:55 წუთი
ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
2015 წლის პირველი სათამაშო ტურის უდაოდ გამორჩეული შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც “დიდი იტალიური დერბია”. როგორ ფორმაშიც და სიტუაციაშიც უნდა იყვნენ “იუვენტუსი” და “ინტერი”, მათი დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს. ტურინელები ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ. წაგებული იტალიის სუპერთასის შემდეგ კი გულშემატკივართა თვალში რეაბილიტირება სურთ. “ინტერის” დამარცხება ამისათვის იდეალური ვარიანტია. თავის მხრივ, რობერტო მანჩინის გუნდი თავისი თამაშის პოვნას მთელი სეზონია ვერ ახერხებს და ტურინში გამარჯვება მათთვის შეიძლება ორმაგად მნიშვნელოვანი გამოდგეს. ერთი სიტყვით, მე-17 ტური მეტად საინტერესო შეხვედრით დასრულდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, პოგბა; ვიდალი; ტევესი, ლორენტე
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, დ’ამბროზიო; გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი; კოვაჩიჩი; იკარდი, პალასიო
მსაჯი: ბანტი