კალათბურთი

2:53 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა, ფაცაციამ და შენგელიამ ტოპ-16-ში პირველი მატჩები ჩაატარეს

ევროლიგის ტოპ-16-ის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი სტამბულში შედგა, სადაც “ფენერბაჰჩემ” მოსკოვის ცსკა მიიღო და ოვერტაიმში 81:84 წააგო.

სტუმართა რიგებში მანუჩარ მარკოიშვილმა 06:21 წუთს ითამაშა და 4 ქულა მოაგროვა. ქართველმა მცველმა 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ფენერბაჰჩეს” სასტარტო ხუთეულში იყო რიკი ჰიკმანი, რომლის საქართველოს ნაკრებში თამაში დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა 19:50 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ჰიკმანმა 7-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 2 ორქულიანი და 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

F ჯგუფშივე გამარჯვებით დაიწყო წელი ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა”, რომელიც მილანში იყო ჩასული და მორიგი სენსაცია “გამოაცხო”. რუსულმა კლუბმა “ემპორიო არმანი” 79:59 გაანადგურა, ქართველმა კალათბურთელმა კი 09:42 წუთში 1 მოხსნა მოაგროვა. ფაცაციამ 3-ვე სამქულიანი ააცილა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

მარცხი შეემთხვა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას”. ბასკური კლუბი სტამბულის “ეფეს პილსენს” კარგა ხანი უგებდა, თუმცა, ბოლო მეოთხედში მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო და 67:72 წააგო.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 22:02 წუთში 7 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 8-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

8 იანვარს ცსკა “ლაბორალ კუჩას” უმასპინძლებს, ხოლო 9-ში “ნიჟნი ნოვგოროდი” “ფენერბაჰჩეს” დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114299