პოლონეთის ეროვნული ნაკრების და “სევილიის” ნახევარმცველი გრეგორ კრიჩოვიაკი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პრემიერლიგის კლუბის ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა თავის “თვითერის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ კონტრაქტის დეტალების ბოლომდე შეთანხმებამდე, მანამდე ახალი კლუბის ვინაობას არ გაამხელს.
პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს ლონდონის “არსენალია” და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი “მეთოფეთა” რიგებს შეუერთდება. 24 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.
ქართველ გულშემატკივრებს კარგად ახსოვს კრიჩოვიაკის ასპარეზობა “დინამო არენაზე”. პოლონელმა ფეხბურთელმა საქართველოს წინააღმდეგ დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. 51-ე წუთზე კრიჩოვიაკმა კამილ გლიკს გაატანინა, ხოლო 20 წუთში თავადაც დაამწუხრა “ჯვაროსნები”.
გრეგორი ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე ჯამში 24 შეხვედრაში გამოჩნდა და მისი მონაგარი მხოლოდ საქართველოსთან გატანილი გოლი და საგოლე გადაცემაა.
მიმდინარე სეზონში ანდალუსიელთა რიგებში 24 წლის ფეხბურთელმა 21 მატჩი ჩაატარა გაიტანა ერთი გოლი და ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა.