ფეხბურთი

15:32 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას თანაგუნდელი კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მცველი ივან სტრინიჩი დიდი ალბათობით კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. ფეხბურთელის კომენტარამდე იტალიური კლუბის დირექტორმა რიკარდო ბიგონმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნეაპოლელები მცველით გაძლიერდებიან.

“მართალია, “ნაპოლისთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი გადაწყვეტილი არაა. თუ მოვლენები კარგად წარიმართება და ვფიქრობ ასეც იქნება, ტრანსფერი მალე განხორციელდება.” – განაცხადა სტრინიჩმა.

მოსალოდნელია, რომ ჯაბა კანკავას თანაგუნდელი, 27 წლის ფეხბურთელი ნეაპოლელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. უკრაინელებთან ხორვატს კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება. ხორვატს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, რაც მისი კლუბის დატოვების პროცენტულ მაჩვენებელს უფრო ზრდის.

მიმდინარე სეზონში სტრინიჩმა 16 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ეროვნულ ნაკრებში ის 2010 წლიდან ასპარეზობს და სულ 33 მატჩი ჩაუტარებია.

0.117482