ფეხბურთი

1:19 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური დრამა ყატარში

იტალიის 2014 წლის საფეხბურთო სეზონი სუპერთასის გათამაშებით დასრულდა. აქამდე ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთმანეთს სეზონის წინ ეჯიბრებოდნენ, მაგრამ იტალიის ფებურთის ფედერაციამ წლეულს სუპერთასი ახალი თარიღით ჩაატარა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი “იუვენტუსი” და თასის მფლობელი “ნაპოლი” ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან დაძაბული, დრამატული და ლამაზი სანახავი გამოდგა. მატჩის ბედი ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა. გუნდებს გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად ძირითადი 5 თერთმეტრიანის დარტყმაც არ ეყოთ.

მატჩი ტურინელებმა კარგად დაიწყეს და უკვე მე-5 წუთზე კარლოს ტევესმა თავისიანები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ “იუვეს” პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა. “ნაპოლის” ბრაზილიელმა მეკარე რაფაელმა კარლოს ტევესს დუელი ორჯერ მოუგო. თავის მხრივ რაფა ბენიტესის შეგირდებსაც ჰქონდათ კარგი შანსი – მარეკ ჰამშიკის დარტყმული ძელს მოხვდა. მეორე ნახევარი ნეაპოლურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და ჯერ ჯიჯი ბუფონთან პირისპირ დარჩენილ ხოსე კალეხონს უმტყუნა სიზუსტემ, შემდეგ კი გონსალო იგუაინის ეფექტურად დარტყმული ბურთი “ბიანკონერის” კარის ძელს მოხვდა. “აძურამ” გათანაბრება მაინც მოახერხა. 68-ე წუთზე ჯორჯო კიელინი პოზიციურად შეცდა, ბურთი თავზე გადააფრინდა და იქვე ჩასაფრებულმა იგუაინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. ძირითადი დროის დარჩენილ დროში გუნდებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე იზრუნეს.

დამატებითი დროის პირველი 15 წუთი კი აშკარად “იუვესი” იყო. გატანა მართებდათ კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს, ყველაზე ახლოს კი მიზანთან არტურო ვიდალი გახლდათ, რომლის დარტყმული კარის ხაზიდან კალიდუ კულიბალიმ გამოიტანა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეორე დამატებით დროის პირველ წუთზე მაინც გაიტანა. პოლ პოგბას კარგი თამაშის შემდეგ ეფექტურად ითამაშა ტევესმა, რომელმაც მოხდენილად და ზუსტად დაარტყა. თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა, “იუვესაც” ზედიზედ მესამედ უნდა მოეპოვებინა პრესტიჟული ჯილდო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა გონსალო იგუაინი. არგენტინელი ჯერ ბუფონთან ერთიერთზე გავიდა, თუმცა ლეგენდარულმა მეკარემ ფანტასტიკური სეივით გატანა არ დაანება. 118-ე წუთზე კი იმავე დუელში უკვე ვეტერეანი კიპერი ვერაფერს გახდა და “ნაპოლიმ” წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. საბოლოოდ შეხვედრა მატჩის შემდგომ პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ჯანლუიჯი ბუფონმა სამჯერ აჯობა ოპონენტებს, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა ოთხჯერ დაარტყეს არაზუსატდ და გამარჯვებაც მეტოქეს გადაულოცეს. გადამწყვეტი თერთმეტრიანი სიმონე პადოინმა გააცუდა.

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” 2:2 (1:0) (1:1 დ.დ. პენ: 5:6)

დოჰა, ყატარი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი (პადოინი 79), ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, პირლო (პერეირა 67), მარკიზიო; პოგბა; ტევესი, ლორენტე (მორატა 105)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ლოპესი (ინლერი 90), გარგანო; დე გუზმანი (ჟორჟინიო 105), ჰამშიკი (მერტენსი 79), კალეხონი; იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 1:0 ტევესი (5), 1:1 იგუაინი (68), 2:1 ტევესი (106), 2:2 იგუაინი (118)

გაფრთხილება: პერეირა (69), ტევესი (109) – იგუაინი (46), კალეხონი (76), ალბიოლი (80), მერტენსი (83), გულამი (105)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (12) - 20 (7) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:3 გაფრთხილება: 2:5

მსაჯი: პაოლო ვალერი

0.139467