ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 10 მატჩი ჰქონდა მოგებული, თუმცა, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან ვეღარაფერი გააწყო და 59:84 განადგურდა.
ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ფაცაცია იყო, რომელმაც მოედანზე 14:41 წუთი დაჰყო და 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ლევანმა თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
რაც შეეხება მარკოიშვილს, მან 19:33 წუთს ითამაშა და მოსკოვურ კლუბს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა. მანუჩარმა ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ახლა, ცსკა-ს და “ნიჟნი ნივოგოროდს” ერთნარი მაჩვენებლები (10 მოგება, 1 მარცხი) გააჩნიათ და პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებენ.
ვთბ-ლიგის მორიგი ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი 22 დეკემბერს ჩატარდება, როდესაც მესამედგილოსანი “ხიმკი” მე-4 პოზიციაზე მყოფ ვიქტორ სანიკიძის “უნიკსს” უმასპინძლებს.