ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” “მურსიას” ესტუმრა და მიუხედავად ქართველი ფორვარდის ჩინებული თამაშისა, 88:93 დამარცხდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 23:01 წუთში კი 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბასკური კლუბის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტიც (13) საუკეთესო ჰქონდა.
სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს ბერტანსი (14), ჯეიმსი (13) და აივერსონი (12) ასცდნენ, მურსიელებს კი ვუდმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და თავი 26 ქულას მოუყარა.
“ლაბორა კუჩამ” 5 მოგების წილ მე-7 მარცხი განიცადა და 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება. 28 დეკემბერს, ბასკები “სევილიას” უმასპინძლებენ.