კალათბურთი

1:10 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაცია, შენგელია და მარკოიშვილი ერთ ჯგუფში

ევროლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” 78:74 დაამარცხა, რამაც ის მოიტანა, რომ ყაზანური კლუბი ტოპ-16-ის მიღმა დარჩა.

გასულ შეხვედრაში მონაწილეობა ორივე ქართველმა კალათბურთელმა მიიღო. ფაცაცია სასტარტო ხუთეულში იყო და 10:26 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ლევანმა სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

რაც შეეხება სანიკიძეს, იგი “უნიკსის” მთავარი მწვრთნელის ევგენი პაშუტინის გაუგებარი ქმედებების მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა. მოედანზე გატარებულ 09:31 წუთში ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მან 3-ვე ორქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს და ერთხელ დაჯარიმდა. შედეგად, სანიკიძე სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, სტუმართა რიგებში მე-3 იყო, თუმცა, მწვრთნელის გული მაინც ვერ მოიგო და დასკვნით მეოთხედში აღარ უთამაშია.

პაშუტინი კვლავაც ბერძენ კოსტას კაიმაკოღლუს (30:23 წუთი) და ამერიკელ დ’ორ ფიშერს (29:06) ენდო, რომელთაც ჯამში მხოლოდ 10 ქულა ჩააგდეს და ყაზანელებმაც გადამწყვეტი მატჩი წააგეს.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ კაუნასის “ჟალგირისმა”, “ნიჟნი ნოვგოროდმა” და “უნიკსმა” 5-5 მოგება-წაგება მოაგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მოწინავე ოთხეულს მიღმა სანიკიძის გუნდი დარჩა.

ამგვარად, A ჯგუფიდან მე-4 ადგილით გასული ნოვგოროდელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს, სტამბულის “ფენერბაჰჩეს”, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას”, პირეოსის “ოლიმპიაკოსს”, სტამბულის “ეფეს პილსენს”, ბერლინის “ალბას” და მილანის “ემპორიო არმანის” ეთამაშებიან.

მოკლედ, ევროლიგას შემორჩენილი სამივე ქართველი კალათბურთელი ტოპ-16-ის ერთ ჯგუფში ითამაშებს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” დასკვნითი მატჩი ბელგრადში გამართა და თამაში, რომელსაც მაყურებლები დისკვალიფიკაციის გამო არ ესწრებოდნენ, 82:90 წააგო.

“ცრვენა ზვეზდასთან” შეხვედრაში ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 12:47 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. 5 მოგებით და 5 მარცხით, ბასკურმა კლუბმა D ჯგუფში მე-3 პოზიცია დაიკავა.

ტოპ-16-ის მატჩები სტარტს 30 დეკემბერს აიღებს და 10 აპრილამდე გასტანს, ჯგუფების საუკეთესო ოთხეულები კი თამაშს პლეი-ოფში გააგრძელებენ. ისიც ვთქვათ, რომ მეორე რვეული ესპანურმა ბარსელონამ, რეალმა და უნიკახამ, თელ ავივის მაკაბიმ, სერბულმა “ცრვენა ზვეზდამ”, ლიტვურმა “ჟალგირისმა”, ბერძნულმა “პანათინაიკოსმა” და თურქულმა “გალათასარაიმ” დააკომპლექტეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116359