მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროლიგის ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულა. მოსკოველებმა დასკვნითი მატჩი ფრანგულ “ლიმოჟთან” გამართეს და მეტოქისგან ქვა ქვაზე აღარ დატოვეს – 88:56.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23:29 წუთი გაატარა და მასპინძლებს 10 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, შორი მანძილიდან კი წარუმატებლად უტევდა და 5-დან მხოლოდ 1 ცდა გამოიყენა.
ისიც ვთქვათ, რომ მარკოიშვილმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი მცველის სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა, რითაც იგი მხოლოდ ანდრეი ვორონცევიჩს (12 ქულა, 7 მოხსნა) და ვიტალი ფრიძონს (19 ქულა, 5 პასი) ჩამორჩა.
როგორც აღვნიშნეთ, ცსკა-მ ათივე მატჩი მოიგო და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ცხადია, რუსული გრანდი ტოპ-16-შიც ითამაშებს, სადაც ყველა მეტოქის ვინაობას ჯგუფური ეტაპის დასრულების კვალად მიიღებს.