იტალიის სერია A გულშემატკივრებს საშობაო არდადეგებზე დაემშვიდობება. მანამდე კი ერთი, მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელთა უმეტესობა ტრადიციულად კვირას, 21 დეკემბერს ჩატარდება. თუმცა სამ დღეზე გაწერილი ტური სტარტს დღეს ორი საინტერესო შეხვედრით აიღებს. მოქმედი ჩემპიონი “იუვენტუსი” “კალიარის” ეწვევა, ხოლო “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე “პარმას” დაუხვდება. ამ ორი შეხვედრის ადრიანად გამართვის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ორშაბათს, 22 დეკემბერს “იუვე” და ნეაპოლური კლუბი დოჰაში იტალიის სუპერთასის ეგიდით ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მანამადე კი ორთავე გუნდს საჩემპიონატო შეხვედრები ჩემპიონატის აუტსაიდერებთან ელით.
“კალიარი” – “იუვენტუსი”
თარიღი: 18 დეკემბერი, 22:00 საათი
ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”
2014 წლის ბოლო ტური “კალიარისა” და “იუვენტუსის” მატჩით დაიწყება. ტურინელები ჩემპიონატს ლიდერობენ, მაგრამ უკანასკნელ 2 ტურში გუნდმა მხოლოდ 2 ქულა მოიხვეჭა და ახლა, მეორადგილოსან “რომას” მხოლოდ ქულით უსწრებს. აქედან გამომდინარე, მასიმილიანო ალეგრის გუნდს შეცდომის უფლება არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთრის ჩემპიონობას დიდი ალბათობით რომაელებს გადაულოცავს. დასაკარგი და უკანდასახევი გზა არც სარდინილებს აქვთ დარჩენილი.”კალიარი” უკვე კარგა ხანია გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს და გასავარდნ ზონაში ადგილს მყარად იმკვიდრებს. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ მასპინძელთა ამჟამინდელ თავკაც ზდენეკ ზემანსა და ტურინულ გრანდს შორის კარგა ხანია თბილი ურთიერთობა არ სუფევს, ეს კი შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; კრესეტიჯი, კონტი, ეკდალი; იბარბო, ფარიასი, კოსუ
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ოგბონა, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პერეირა; ტევესი, ლორენტე
მსაჯი: მაცოლენი
“ნაპოლი” – “პარმა”
თარიღი: 18 დეკემბერი, 23:55 წუთი
ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”
დღესვე, იტალიის სუპერთასზე “იუვენტუსის” მეტოქე “ნაპოლი” ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერს “პარმას” მასპინძლებს. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაფა ბენიტესის “ნაპოლი” უკვე მიჯრით 4 ტურია გამარჯვებას ვერ ახერხებს და ჩემპიონთა ლიგის ზონიდანაც ჩამოქვეითდა. გუნდმა ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ “მილანთან” უშანსოდ წააგო. აურელიო დე ლაურენტისის გუნდს “პარმასთან” წაფორხილების უფლება უბრალოდ არ აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, “პარმა” აუტსაიდერია. გუნდი უიმედოდ ბოლო საფეხურზე იმყოფება და არავინ იცის, როდემდე შეინარჩუნებს დაკავებულ პოსტს რობერტო დონადონი. ერთ დროს ძალზე სიმპატიური ფეხბურთის მქადაგებელი გუნდი ღრმა კრიზისშია. პარმელები იმედევნობენ, რომ “ნაპოლის” წინააღმდეგ შარშანდელ შედეგს თუ ვერ გაიმეორებენ (დონადონის გუნდმა ნეაპოლში გასულ წელს ანტონიო კასანოს გოლით იმარჯვა) სახლში ქულის წაღებას მაინც შეძლებენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ენრიკე, კულიბალი, გულამი; გარგანო, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი
“პარმა” (3-5-2): მირანტე; სანტაკროჩე, პალეტა, ლუკარელი; რისპოლი, მაური, ლოდი, აკქუა, გობი; კასანო, პალადინო
მსაჯი: დი ბელო
მე-16 ტურის დანარჩენი 8 შეხვედრის წინასამატჩოს 20 დეკემბერს შემოგთავაზებთ.