“ევროსპორტმა” მსოფლიო საკლუბო თასის გათამაშებასთან დაკავშირებით ფიფას იდეების შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია იდეები, რომლებიც ტურნირს უფრო პრესტიჟულს გახდის.
საკონტინენტთაშორისო თასის გაუქმების შემდეგ შექმნილ ტურნირში გუნდების რაოდენობამ იმატა, თუმცა გუნდების კიდევ უფრო მატება ტურნირის მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს, რაც მის პრესტიჟზეც იმოქმედებს. ამ აზრის მიხედვით, მსოფლიო საკლუბო თასის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს კოპა ლიბერტადორესის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი, ხოლო კონკაკაფისა და აზიის ზონიდან ორ-ორი გუნდი ჩაერთვება გათამაშებაში. აფრიკის კონტინენტსა და ოკეანეთის მხარეს კი თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლება. ამასთან ჟურნალისტის აზრით ევროპული ფეხბურთის კლუბების რაოდენობამ უნდა იმატოს, თუმცა კლუბების მატების პარალელურად სხვა აზრიც წამოიჭრა. სტატიაში კალათბურთში კარგად დანერგილი იდეის, “ყველა ვარსკვლავთა გუნდის” შექმნის იდეაზე იყო საუბარი. ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით შეიქმნება გუნდი, რომელიც ითამაშებს მსოფლიო თასზე და ეს ფაქტორი კიდევ უფრო საინტერესოს გახდის გათამაშებას.
ამჟამად მსოფლიო თასზე გამარჯვებული კლუბი ფულად ჯილდოდ 4 მილიონ გირვანქას იღებს, რაც ნაკლებად პრესტიჟულს ხდის გათამაშებას, როგორც ფავორიტი, ასევე შედარებით სუსტი გუნდებისთვის. როცა სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში 57,4 მილიონი გირვანქა გამოიმუშავა, მსოფლიო საკლუბო თასის მოგების შემთხვევაში გაცილებით ნაკლები, მხოლოდ 4 მილიონი ერგება.
მსოფლიო თასის გათამაშების დროის შეცვლა და სეზონის ბოლო პერიოდში გადატანამ შესაძლოა ტურნირისადმი ინტერესი გაზარდოს, ვინაიდან სხვა ფინალური შეხვედრებთან ერთგვარი კონკურენციის გაწევა მოუწევს.
სტატიაში ასევე იყო საუბარი ტურნირში ისეთი გუნდების მოწვევის შესახებ, სადაც ვეტერანი, მაგრამ გამოცდილი და ძალიან ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად ასეთი ტიპის კლუბების კატეგორიას განეკუთვნება ამერიკის მეიჯორ ლიგაში მოთამაშე გუნდები. მსგავსი კლუბების მოწვევა მაყურებელთა ინტერესს გაზრდის, რაც ტელევიზიების მხრიდან მატჩების შესყიდვაზეც იმოქმედებს და კომერციული თვალსაზრისით მსოფლიო თასი უფრო პრესტიჟული გახდება.