მოსკოვის “სპარტაკის” დუბლშემადგენლობის ნახევარმცველი გიორგი მელქაძე და მოსკოვის “ლოკომოტივის” თავდამსხმელი ნიკოლოზ ყიფიანი რუსეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მიიწვიეს.
წარმოშობით ქართველი, მაგრამ მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი მოთამაშისთვის 17-წლამდელებში თამაში უცხო არაა. ევრო-2015-ის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან რუსების რიგებში 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მელქაძე თავდაპირველად მოსკოვის “დინამოს” საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ “სპარტაკს” მიაშურა და დუბლშემადგენლობაში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს. მან სპარტაკელთა სარეზერვო გუნდში უკვე 4 გოლი გაიტანა.
ყიფიანი საქართველოშია დაბადებული, ხოლო ფეხბურთში ვარჯიში მოსკოვში რინატ დასაევის სახელობის აკადემიაში დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსი 17-წლამდელების რიგებში ყიფიანმაც 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.