ფეხბურთი

2:14 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნანატრი სამი ქულა და მხოლოდ 10 წუთი

იტალიის სერია A-ს მე-15 ტური ორი შეხვედრით დასრულდა. “ემპოლიმ” “ტორინოს”, ხოლო “კიევომ” “ინტერს” უმასპინძლა.

ბოლო პერიოდში კარგად ათამაშებულმა “ემპოლიმ” ცუდ ფორმაში მყოფი “ტორინო” მიიღო და იმედოვნებდა, რომ 3 ქულას მოიპოვებდა, თუმცა მაურიციო სარის შეგირდებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. შეხვედრა საკმაოდ დაბალ რიტმში წარიმართა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგით – გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. სარიმ მასპინძელთა ქართველ თავდამსხმელს ლევან მჭედლიძეს მხოლოდ შეხვედრის ბოლო 10 წუთი მისცა თამაშის საშუალება. სამწუხაროდ ქართველს გულშემატკივრებისთვის თავი არაფრით დაუმახსოვრებია. მოპოვებული ქულით “ემპოლიმ” ზედიზედ მეხუთე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და 16 ქულით მე-14 ადგილზეა. ხოლო ჯამპიერო ვენტურას დამოძღვრილი “ტორინო” ერთი ადგილით ქვემოთ იმყოფება დაგროვილი 14 ქულით.

დღის მეორე და ტურის დასკვნით შეხვედრაში, როგორც იქნა ნანატრი სამი ქულა მოიპოვა მილანის “ინტერმა”. რობერტო მანჩინის გუნდს მიჯრით 5 ტური არ მოეგო. ვერონაში მოპოვებული სამი ქულა პირველია თავად მანჩინისთვისაც. სტუმრები მე-19 წუთზე ხორვატმა ლეგიონერმა მატია კოვაჩიჩმა დააწინაურა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაურო იკარდის კარგი თამაშის შემდეგ გახსნა ანგარიში. “ინტერი” მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გაორმაგება მეორე ტაიმის მეათე წუთზე მოახერხა. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა დანილო დ’ამბროზიომ, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა იქ კი ყველას “ნერაძურის” კაპიტანმა ანდრეა რანოკიამ დაასწრო და ანგარიშს საბოლოო სახე მისცა. ამ გამარჯვებით “ინტერმა” 20 ქულას მოუყარა თავი, თუმცა მაინც არასახარბიელო მე-11 ადგილზე იმყოფება. “კიევო” კი გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯზეა.

სერია A-ს მე-15 ტურის 10 შეხვედრიდან 3 მასპინძლებმა მოიგეს, 4 სტუმრებმა, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. ხსენებულ 10 დაპირისპირებაში 21 გოლი გავიდა.

“ემპოლი” – “ტორინო” 0:0 (0:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

“ემპოლი” (4-3-1-2); სეპე; ჰიჟაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; ვეკინო, კროჩე, ვალდიფიორი; ვერდი (ზიელინსკი 71), მაკარონე (მჭედლიძე 80), ტავანო (პუჩიარელი 58)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ტორინო” (3-5-2); ჟილე; იანსონი, მაკსიმოვიჩი, მორეტი; დარმიანი, ბოვო, ელ კადური (ფარნერუდი 80), გაცი, მოლინარო (პერესი 63); მარტინესი, კვალიარელა (ამაური 71)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გაფრთხილებები: ვეკინო (4), მარიო რუი (69) - გაცი (17), იანსონი (17, 90), მორეტი (55), ელ კადური (79)

გაძევება: იანსონი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (4) - 10 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 10:2 გაფრთხილებები: 2:5 გაძევება: 0:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“კიევო” – “ინტერი” 0:2 (0:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

“კიევო” (4-2-3-1): ბიძარი; სარდო, გამბერინი, ცეზარი, ბირაგი; რადოვანოვიჩი, იცკო; ბირსა (ბოტა 64), პალოსკი (მაქსი ლოპესი 64), ჰეტემაი; მეჯორინი (პელისიერი 85)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ჟუან ჟეზუსი, ნაგატომო; გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი (დოდო 75); კოვაჩიჩი (ოსვალდო 80); პალასიო, იკარდი (მ’ვილა 76)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 კოვაჩიჩი (19), 0:2 რანოკია (55)

გაფრთხილებები: იცკო (22), ცეზარი (39), მეჯორინი (42) - ჰანდანოვიჩი (45)

გაძევება: ბოტა (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) - 20 (7) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 7:12 გაფრთხილებები: 3:1 გაძევება: 1:0

მსაჯი: დავიდე მასა

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 8, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 7, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 7.

თეგებისერია A
0.179985