ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო და ტურნირს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს.
რუსული კლუბი ამჯერად რიგაში ჩავიდა და ადგილობრივი ვეფ-ი 82:59 გაანადგურა. თამაშის ბედი უკვე დიდი შესვენებისთვის გადაწყვეტილი იყო, რადგანაც ნოვგოროდელები 24 ქულის სხვაობით იგებდნენ.
ფაცაცია ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:17 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ლევანმა თითო ორქულიანი და სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ააცილა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
სტუმრებს ამერიკელებმა ტერენს კინსიმ (24 ქულა) და ტრეი ტომპკინსმა (19 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი) და ბელარუსმა არტიომ პარახუსკიმ (13 ქულა, 10 მოხსნა) ულიდერეს.
“ნიჟნი ნოვგოროდი” ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან გამართავს, მანამდე კი, 19-ში, ევროლიგის ეგიდით, ვიქტორ სანიკიძის “უნიკსთან” პრინციპული თამაში ელის.