ჭიდაობა

23:17 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი: “ძლიერი მეტოქის დამარცხება სასიხარულოა”

თბილისის ცირკში, აბსოლუტური ფალავნის გამოსავლენად გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილი ახალგაზრდა ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა. ფინალს თან ახლდა მღელვარება გულშემატკივართა მხრიდან, დაძაბული ორთაბრძოლის გამარჯვებული, მსაჯებისა და ჟიურის კარგა ხნის თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი.

მსაჯის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გაცხადებისას გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა სიხარული გამოხატა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ოქრუაშვილის გამარჯვებულად დასახელება მიაჩნდათ მართებულად.

მეორეადგილოსანმა ადამ ოქრუაშვილმა დამარცხებისთანავე დატოვა საჭიდაო ხალიჩა. მას არ უსაუბრია ჟურნალისტებთან და არც პრიზის გადაცემისას გამოჩენილა, ხოლო 18 წლის გამარჯვებულს სიხარული და ემოცია არ დაუმალავს, საუბარი კი სამადლობელო სიტყვებით დაიწყო.

“გახარებული ვარ. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებსა და იმ ხალხს, ვინც ჩემს სპორტულ ფორმაზე იზრუნა, ვინც ხელი შემიწყო წარმატებით გამოვსულიყავი, მით უმეტეს სასიხარულოა, როცა ისეთი ძლიერი ძიუდოისტის დამარცხებას ახერხებ, როგორიც ადამ ოქრუაშვილია. გამარჯვებას, ძლიერი მეტოქის დამარცხება ერთი-ორად მნიშვნელოვანსა და სასიხარულოს ხდის” – აღნიშნა ღვინიაშვილმა.

გამარჯვებულმა, რომელსაც პრიზად “პორშე კაიანი” ერგო, მხარი დაუჭირა კამპანია “არა ძალადობას” და ამ თემაზე მცირე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ აქცია “არა ძალადობას” შეუერთდნენ.

“ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ვუერთდები, რაც მნიშვნელოვანი აქციაა და იმედი მაქვს მსგავსი პროექტები კიდევ გაიმართება” – უთხრა გამარჯვებულმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილოსნებს, ადამ ოქრუაშვილის 5 ათასი ლარი ერგო, ხოლო მესამე ადგილოსანმა დავით ლორიაშვილმა კი 3 ათასი ლარი მიიღო.

0.149303