კალათბურთი

19:16 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წუთის დრამა აკადემიაში

საქართველოს საკალათბურთო თასის წლევანდელი გათამაშების მეოთხედფინალის პირველ მატჩში “რუსთავმა” “მგზავრები-არმიას” დიდი უპირატესობით 91:63 მოუგო და ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საპასუხო შეხვედრაში “მგზავრები” დიდ წინააღმდეგობას გაუწევდნენ ქვემო ქართლელებს. თუმცა, ასე მოხდა და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა მეტად დაძაბული, საინტერესო დაპირისპირება იხილა. ბოლო წამამდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი იყო.

ნომინალური მასპინძელი “რუსთავი” თავიდან 7:0 დაწინაურდა და შვიდივე ქულა მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე იყო. ამას “მგზავრები” არ დაუბნევია და მათ ზედიზედ 12 ქულა მოიპოვეს. პირველი ტაიმის ბოლომდე წინ ბუბა ბერიშვილის შეგირდები იყვნენ და მატჩის საწყისი ნახევარი მათივე მოგებით დასრულდა - 36:31.

რუსთაველთა 31 ქულიდან 26 ჭოჭუასა და ამერიკელი ლეგიონერის ჰეიდენ ჰამსის ანგარიშზეა, სამაგიეროდ, პირველ ორ პერიოდში ვერცერთი ქულა ვერ მიითვალეს საკუთარ ანგარიშზე კიდევ ორმა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა და გიორგი ცეკვავამ.

მესამე მეოთხედიდან მოყოლებული რუსთაველებმა თანდათან ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, ხოლო ჰამსის სამქულიანის შემდეგ სულაც გააყაიმეს 40:40. ეს მესამე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთისა და 45 წამით ადრე მოხდა.

დარჩენილ დროში წინ მეტწილად რუსთაველები იყვნენ, თუმცა “მგზავრები-არმია” მარცხს არ ეგუებოდა და ბოლო წუთებზე ნამდვილი საკალათბურთო თრილერი გათამაშდა.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე დვალიშვილმა თავისი გუნდი 6 ქულით გაიყვანა წინ – 66:60. ამის შემდეგ რამდენიმე ეპიზოდში “მგზავრების” მეფარე რევაზ ათანელიშვილმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა (მათ შორის 2 საჯარიმო), თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მის პარტნიორებს უფრო მეტად გაუღიმა ბედმა და დასკვნითი მეოთხედის დასრულებამდე 21 წამით ადრე თეიმურაზ ბაბუნაშვილმა ანგარიში გააყაიმა 66:66. დარჩენილ დროში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. ჯერ მიხეილ ჭოჭუამ რუსთაველები კვლავ წინ გაიყვანა 68:66 და მგზავრებს შეტევისთვის 7 წამი დარჩათ. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე მერაბ ბოქოლიშვილი რუსთაველთა ფარქვეშ შეიჭრა და ბურთი მოწინააღმდეგის კალათაში მოათავსა, ამასთან რუსთაველები დაჯარიმდნენ და მერაბმა ჯარიმა სათანადოდ შეასრულა 69:68. რუსთაველებს მატჩის მოსაგებად 3 წამი ჰქონდათ დარჩენილი და მიხეილ ჭოჭუამ საფინალო სირენის აკომპანიმენტით ბურთი მგზავრების კალათაში ჩაასრიალა 70:69 და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ჭოჭუა გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ჰეიდენ ჰამსის ანგარიშზე 17 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასია.

მგზავრებთაგან ქულები 11 მოთამაშეზე გადანაწილდა, ყველაზე მეტი 14 კი მერაბ ბოქოლიშვილის აქტივშია. მის ანგარიშზე ასევე 7 შედეგიანი გადაცემაა. 11 ქულა გააკეთა ლუკა ზაქრაძემ, რომელმაც 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

მატჩის შემდეგ თბილისში სტუმრად მყოფ ფიბას ოფიციალურ წარმომადგენელს კოსტა ილიევს გავესაუბრეთ და საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ. ძალიან საინტერესო, დაძაბული მატჩი ვიხილე და გუნდების მიერ ნაჩვენები კალათბურთისგან დიდი სიამოვნებაც მივიღეო, მოკლედ გვიპასუხა სტუმარმა.

მაშ ასე, საქართველოს თასის წლევანდელი გათამაშების ნახევრფინალში ერთმანეთს “დინამო” – “ქუთაისი” და “ბათუმი”-“რუსთავი” შეხვდებიან. ამ მატჩების ჩატარების თარიღი ოდნავ მოგვიანებით დადგინდება.

0.151649