კალათბურთი

2:28 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას სასტარტო და გამარჯვება სტამბულში

ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, რაშიც საკუთარი წვლილი ქართველმა ფორვარდმაც შეიტანა. ლევანი ევროთასზე რუსული კლუბის სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა.

მე-9 ტურში ნოვგოროდელები სტამბულში “ანადოლუ ეფესს” სტუმრობდნენ და დრამატულ მატჩში 65:61 მოიგეს.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა, რომელმაც ფაცაცია კლუბში პირადად მიიწვია, ქართველი სასტარტო შემადგენლობაში პარახუსკის, ანტონოვის, ხვოსტოვის და კინსის გვერდით დააყენა.

საბოლოოდ, ლევანმა მოედანზე 16:37 წუთი დაჰყო და 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ნიჟნი ნოვგოროდმა” 4 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და A ჯგუფში კაუნასის “ჟალგირისთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე ჯგუფის მოწინავე ოთხეული გადის, ამდენად, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. 19 დეკემბერს ნოვგოროდელები ყაზანის “უნიკსს” მიიღებენ, “ჟალგირისი” კი იტალიურ “დინამო სასარის” უმასპინძლებს.

0.122056