ინგლისის პრემიერლიგამ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა. საუკეთესო თავკაცის ტიტული "ნიუკასლის" დამრიგებელმა ალან პარდიუმ მოიპოვა. სეზონის ცუდი სტარტის გამო "კაჭკაჭების" გულშემატკივრები მწვრთნელის განთავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მისი გუნდი ამოძრავდა.
პარდიუს შეგირდება ნოემბრის თვეში სამი მატჩი "ლივერპულთან" (1:0), "ვესტ ბრომვიჩსა" (2:0) და "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" (1:0) გოლგაუშვებლად მოიგეს, ხოლო თვის ბოლო მატჩი "ვესტ ჰემთან" სტუმრად მინიმალური ანგარიშით (0:1) დათმეს.
"ნიუკასლი" ამ ეტაპზე პრემიერლიგაში 23 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და ევროთასების ზონასთან ახლოსაა.
პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტი" თავდამსხმელი სერხიო აგუერო გახდა. 26 წლის თავდამსხმელმა ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორჯერ სხვასაც გაატანინა.
2 ნოემბერს მანჩესტერული დერბი "ქალაქელების" გამარჯვებით დასრულდა და შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე სერხიო აგუერომ გაიტანა. 8 ნოემბერს ქპრ-სთან სტუმრად ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში "სიტი" ორჯერ აგებდა და ორჯერვე არგენტინელმა გაათანაბრა. თვის მიწურულ კი "საუთჰემპტონთან" სტუმრად (3:0) მოგებულ შეხვედრაში აგუეროს გადაცემებით კლიშიმ და ტურემ ისარგებლეს.