საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმიანობის შემდეგ, მოედანზე მალაგაში გამართულ მატჩში დაბრუნდა, რომელშიც მოსკოვის ცსკა-ს მოსაგებად ოვერტაიმში თამაში დასჭირდა – 75:76.
საინტერესოა, რომ მოსკოველები პირველი ტაიმში 16 ქულით ჩამორჩნენ, მე-2 ტაიმში კი 20 ქულითაც აგებდნენ (მოხსნებში მალაგელებმა 51:34 იმარჯვეს), თუმცა, თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, რაშიც ქართველმა მცველმაც თავისი წვლილი შეიტანა.
სწორედ მაშინ, როდესაც ცსკა-მ “უნიკახასთან” ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყო, მარკოიშვილმა მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო. საერთო ჯამში, მანუჩარმა მოედანზე 15:41 წუთი დაჰყო და 6 ქულას 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება წაამატა.
ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (8) მიხედვით, მარკოიშვილი მხოლოდ ნანდო დე კოლოს (მან 22 ქულა ჩააგდო), სონი ვიმსს და კაილ ჰაინსს ჩამორჩა, კიდევ უფრო საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ქართველის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 18 ქულით მეტი ჩააგდეს.
ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამარჯვებაში მანუჩარის წვლილი ძალიან დიდი გახლდათ. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ცსკა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა თამაშის მიმოხილვას სწორედ ქართველი ლეგიონერის სურათი დაურთო.
ისიც ვთქვათ, რომ ოვერტაიმში მარკოიშვილს მეტოქის ხელი თვალში მოხვდა და დიდი ტკივილიც მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ბოლო წამებზე “მანუ” მოედანს ისევ დაუბრუნდა.
ცსკა-მ B ჯგუფში მე-9 გამარჯვება იზეიმა და ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ევროლიგაში მარცხის გემო არ შეუგრძვნია, რადგანაც გუშინდლამდე ასევე 100%-იანი შედეგის მქონე ესპანურმა “ბარსელონამ” ოვერტაიმში სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” 89:91 წააგო.
მოსკოველები ევროპულ ტურნირზე მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს, შინ, ფრანგულ “ლიმოჟთან” ჩაატარებენ, მალაგადან კი, გუნდი გეზს პრაღისკენ აიღებს, სადაც 14-ში, ვთბ-ლიგის ეგიდით ჩეხურ “ნიმბურკს” ეთამაშება.