ბრიტანული dailymail-ის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ თანაგუნდელებს განუცხადა, რომ იგი მოედანს ერთი თვის განმავლობაში ვერ გაეკარება.
არგენტინელმა მუხლის დაზიანება ლივერპულის "ევერტონის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში მიიღო და მე-7 წუთზე შესაცვლელი გახდა.
"ქალაქელების" დამრიგებელმა აღნიშნა, რომ აგუერო "სიტისთვის" დანაკლისი იქნება. ჩილელ სპეციალისტს გუნდის ლიდერების დავიდ სილვას და ვინსენტ კომპანის დაბრუნების ეიმედება.
"ჩვენ უპირატესობას არგენტინელის თამაშს ვანიჭებთ, მაგრამ იგი ამას ვერ შეძლებს. კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი მადრიდის "რეალისთვის" და "ბარსელონასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, ისევე როგორც აგუერო ჩვენთვის. ვიმედოვნებ, დავიდ სილვას შესაძლებლობა ექნება რომში ითამაშოს, აგრეთვე ვინსენტ კომპანის ვარჯიშს შევაფასებთ და ამის მიხედვით გაირკვევა დაგვეხმარება თუ არა ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში." - განაცხადა პელეგრინიმ.
თუ აგუეროს ვარაუდი გამართლდება, არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს და პრემიერლიგის ხუთ შეხვედრას გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირსა და ინგლისის პირველობაზე 20 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.