თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, სტუმრად, “ვალენსიასთან” 70:85 წააგო, ქართველ კალათბურთელს კი ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (17) ჰქონდა.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 26:22 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართაგან ქართველ ფორვარდზე შედეგიანი მხოლოდ ლატვიელი დავის ბერტანსი იყო 16 ქულით, ვალენსიელთაგან კი 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო რომაინ სატო იყო 19 ქულით.
“ლაბორალ კუჩამ” 4 მოგების წილ მე-6 მარცხი მიითვალა და 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება. ბასკებს მომდევნო მატჩი 14 დეკემბერს, შინ, “ფუენლაბრადასთან” ელით.