ფეხბურთი

18:50 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯიამ" "დილას" ზამთრის ჩემპიონობა არ დაანება

საქართველოს 26-ე ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო 6 შეხვედრიდან სამში უგოლო ფრე დაფიქსირდა და ერთში გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს. ეს მოხდა მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიასა" და გორის "დილას" მატჩში.

შეიძლება ითქვას, რომ სუსხის გამო გუნდები მატჩის საწყის წუთებში კარგად გახურდნენ და პირველი სახიფათო მომენტი მე-8 წუთზე გიორგი ერისთავმა შექმნა. გორელთა ნახევარმცველმა ბურთი მეტოქეს თავზე გადაუგდო და ეფექტური დარტყმით ცდილობდა ჯონი შეროზიას კარის აღებას, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

22-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ საჯარიმოს მისადგომებთან ერისთავისგან გადაცემა მიიღო და საკუთარი გუნდი ზუსტი დარტმით დააწინაურა. 9 წუთში ვეტერინარებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ლუკა თათხაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა. გორელების დაცვის ცენტრში არეულობა სუფევდა, რითაც შოთა დავლაშერიძემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ბურთზე ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.

გატანილი გოლის შემდეგ, როგორც "დილა", ასევე “ვიტ ჯორჯია” უფრო გააქტიურდა. თავდაპირველად მოდებაძეს დუბლის გაფორმების საშუალება ჰქონდა - საჯარიმოს გარედან თავდამსხმელმა "ვიტ ჯორჯიას" კარის მარჯვენა კუთხისკენ ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაუშვა და მცირედით ააცილა. მალევე ლევან საბაძემ მათე კვირკვიას მარცხენა ფლანგიდან მაღალი გადაცემა გაუკეთა და თავდამსხმელი ბურთს რომ მისწვდომოდა, საკუთარ გუნდს დააწინაურებდა. შემდეგი შეტევის დროს ვანო კურდღელაშვილმა მეურვეს ბურთი თავზე გადაუგდო და საბაძეს ერთი შეხებით, ბრუნში უნდოდა გოლის გატანა, მაგრამ ბურთი სომხიშვილის კარს ასცდა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა საკმაოდ უხეშად მიმდინარეობდა და მთავარ არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას მატჩის გაჩერება ხშირად უწევდა.

მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება არ შეცვლილა. ორივე გუნდი ლაღად თამაშობდა და დაწინაურებას ცდილობდა. მეორე 45-წუთეული "დილას" შეტევებით წარიმართა. მარჯვენა ფლანგზე ლაშა ჯაფარიძის, ჭიაბერ ჭეჭელაშვილისა და ირაკლი მოდებაძის სამსვლიანი კომბინაციის შედეგად ბურთი ერისთავს მიუვიდა, ნახევარმცველმა დაარტყა, თუმცა შეროზიამ საიმედოდ ითამაშა.

შეხვედრის განახლებიდან 11 წუთში ერისთავმა ჯარიმა შეასრულა, ბურთი კარისკენ გაუშვა, შეროზიამ ბურთის მოგერიება სცადა, თუმცა იქვე მდგარმა გურამ ადამაძემ ახლო მანძილიდან "ვიტ ჯორჯიას" კარი დალაშქრა და "დილა" კვლავ წინ გავიდა 2:1. უნდა აღინიშნოს ერისთავის თამაში. იგი ბევრს აქტიურობდა და შეტევების სულისჩამდგმელი გახლდათ. "დილას" დაწინაურების შემდეგ ნახევარმცველს ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში არ უმართლებდა.

გაშვებული გოლის შემდეგ ვიტელთა დამრიგებელმა ზურაბ ბერიძემ ცვლილებებს მიმართა და მოედანზე ირაკლი ღიბრაძე და ელგუჯა ლობჯანიძე შემოიყვანა. მისი ცვლილებები გამართლდა კიდეც - შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები ბევრს აქტიურობდნენ.

68-ე წუთზე ლამაზი შეტევა გოლით დაგვირგვინდა. თათხაშვილი მარჯვენა ფლანგზე ჯაფარიძეს დაუპირისპირდა, ბურთი წინ გაიგდო და მეტოქეს გასცდა, შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი თავზე დაასვა საბაძეს – ამანაც ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ამის შემდეგ ჯერ გორელთა თავდამსხმელ მოდებაძეს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მისი თავური შეროზიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. შემდეგ შეცვლაზე შემოსულ ლობჯანიძეს შეეძლო ვეტერინარების დაწინაურება. თავდამსხმელმა საბაძის პასით საჯარიმოს სიღრმიდან სომხიშვილს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა გაშვებული გოლისგან "დილა" კარის ძელმა იხსნა.

ბევრი აქტიურობის მიუხედავად გუნდებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს და შედეგიანი ფრე დააფიქსირეს.

ამრიგად დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე. თბილისის "დინამომ" მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი საჩხერეში, "ჩიხურასთან" დათმო. "დილა" ახლოს გახლდათ ზამთრის ჩემპიონობასთან, მაგრამ ვიტ ჯორჯიამ" ამის საშუალება არ მისცა. რაც შეეხება ვეტერინარებს, ისინი 12 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დილა (გორი) 2:2 (1:1)

7 დეკემბერი. მცხეთა. სტადიონი "მცხეთა პარკი".

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშერიძე, გახარია, კურდღელაშვილი (ღიბრაძე 67), საბაძე (კახაბრიშვილი 84), კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 69), კვირკვია.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

დილა: სომხიშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ჯაფარიძე, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, სეთურიძე, ერისთავი (არაბული 80), ჭეჭელაშვილი (კვეკვესკირი 74), მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: 0:1 მოდებაძე (22), 1:1 დავლაშერიძე (31), 1:2 ადამაძე (56), 2:2 საბაძე (68)

გაფრთხილებები: კალანდია (47), საბაძე (68), სეთურიძე (71), თათხაშვილი (82).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

1. დინამო (თბილისი) 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
5. დინამო (ბათუმი) 15 7 3 5 17:14 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. მერანი 15 5 5 5 11:10 20
9. ზესტაფონი 15 4 7 4 29:22 19
10. გურია 15 4 7 4 16:23 19
11. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. სიონი 15 3 5 7 12:19 14
15. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12
16. ზუგდიდი 15 2 6 7 8:17 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.19731