“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ტურინის “იუვენტუსმა” და ფლორენციის “ფიორენტინამ” ფეხბურთელები გაცვალონ.
გამოცემის ცნობით, “იების” დამრიგებელ ვინჩენცო მონტელას საკუთარ გუნდში ტურინელთა 27 წლის თავდამსხმელის, სებასტიან ჯოვინკოს ხილვა სურს. ჯოვინკო “ბებერი ქალბატონის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ხოლო “იუვეს” ხელმძღვანელობას ფლორენციელთა ცენტრალური მცველი, მონტენეგროელი შტეფან სავიჩი მოსწონს. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით “ფიორენტინა” თანხმობის შემთხვევაში 4 მილიონი ვეროს დამატებას მოითხოვს.
სავიჩს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 14 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სებასტიან ჯოვინკოს მხოლოდ 4-ჯერ მიეცა მოედანზე გასვლის საშუალება, გოლი კი არ გაუტანია.