ფეხბურთი

23:43 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეები ზედმეტ რისკს მოერიდნენ და ფრეს დასჯერდნენ

ოცწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აჭარული დერბი გაიმართა. პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრაში ბათუმის ,,დინამომ” ქობულეთის ,,შუქურას” ,,ჩელე არენაზე” უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ბათუმლებს საკუთარი სტადიონი კარგა ხანია არ გააჩნიათ და საშინაო თამაშებს ქობულეთში ატარებენ. პაექრობას ძალიან კარგი ამინდი დაესწრო და მაყურებელიც მრავლად მოვიდა თავიანთი გუნდების საქომაგოდ.

რაც შეეხება მათ პირველ შეხვედრას იგი 1993-1994 წლების სეზონში გაიმართა და ქობულეთელებმა უმაღლეს ლიგაში პირველი გამარჯვება საშინაო მატჩში (2:1) სწორედ მეზობლებთან მოიპოვეს. განმეორებით მატჩში ბათუმელებმა 3:0 იმარჯვეს და ჰეთთრიკი თავის ანგარიშზე აჭარელთა დღევანდელმა დამრიგებელმა ლევან ხომერიკმა მიითვალა. იმ შეხვედრაში ბათუმელებს შოთა ჭეიშვილი უძღვებოდა, რომელიც ამჟამადაც გუნდშია და კონსულტანტის რანგში გვევლინება. ხოლო მაშინდელი დერბების მონაწილე ამირან მუჯირი კვლავ მწყობრშია და თავის ხანგრძლივ კარიერას წარმატებით განაგრძობს.

შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო და ტაიმის მესამედი ისე მიილია არც ერთ კართან რაიმე ხიფათი არ შექმნილა. ბურთი უმეტესად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და ტაქტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა.

მე-16 წუთზე ქობულეთელებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა ჩელებაძის ძლიერი დარტყმა ,,ცოცხალ კედელს” მოხვდა.

მალე ბათუმელებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. მგელაძის ჩაწოდებულზე კაკალაძემ და ხოჭოლავამ შეუთანხმებლად იმოქმედეს და ბურთს საჯარიმოს რკალთან მყოფი შონია დაეუფლა, რომელმაც წინ გამოსული მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა. საბოლოოდ ისევ კაკალაძემ იმარჯვა და ხიფათი განმუხტა.

ამის შემდეგ მოედანზე ერთგვარი ,,შტილი” ჩამოწვა და კარგა ხნის განმავლობაში მეკარეები თამაშში აღარ ჩართულან.

ტაიმის ბოლოსკენ მეტოქენი ისევ გამოცოცხლდნენ. მე-40 წუთზე კუხიანიძე-ლობე-ჩელებაძის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ალავიძეს სწორი პოზიცია ეჭირა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

ბათუმელთა საპასუხო შეტევაში ჩირიკაშვილმა მარჯვენა ფლანგზე თავისი მეურვე ჩამოიტოვა და განივი პასით ტატანაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც შორეულ კუთხეში გამიზნული დარტყმა განახორციელა. თავის ვიზავის არც კაკალაძე ჩამორჩა. იგი კარის ძელთან მისწვდა ბურთს, რითაც თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა.

43-ე წუთზე ,,შუქურას” დაწინაურების 100%-იანი შანსი ჰქონდა. წინა ეპიზოდის მსგავსად კუხიანიძე-ლობე-ჩელებაძემ სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, რომლის ბოლოს ქობულეთელთა კაპიტანმა ზუსტი პასით ტუღუში მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ალავიძემ სიტუაცია სწორად შეაფასა, კარი დროულად დატოვა და ფეხებში ვარდნით სიტუაცია განმუხტა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე თავის გამოჩენის შანსი შონიას ჰქონდა, როცა იგი საჯარიმოს წინა ხაზიდან ურტყამდა, მაგრამ ხარიხას ოდნავ გადააცილა.

მატჩის მეორე ნახევარი უფრო გახსნილი და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის განახლებისთანავე მეტრეველი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მას ალავიძემ დაასწრო, რის შედეგადაც ორივე დაეცა. ქობულეთელები პენალტს ითხოვდნენ, არბიტრმა კი შემტევი დააჯარიმა.

ამის შემდეგ შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით გაგრძელდა. 54-ე წუთზე პირობით მასპინძლებს დაწინაურების კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ. ტეტუნაშვილის დიაგინალური გადაცემით ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ბურთის კარებში სწორად გადაგზავნა ვერ მოახერხა და მომენტიც განიავდა. სამ წუთში ისევ ბათუმელებმა იაქტიურეს. ბერიაშვილის დროული პასის შემდეგ ტატანაშვილმა ერთი მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. კაკალაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. დამატებას ისევ ტატანაშვილი ცდილობდა, თუმცა ამჯერადაც ქობულეთელთა კიპერმა იმარჯვა. მე-60 წუთზე მოვლენების ეპიცენტრში კვლავ ბერიაშვილი აღმოჩნდა, საჯარიმოს რკალიდან მისი ძლიერი დარტყმა კაკალაძემ კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ თამაში შედარებით დამშვიდდა, თუმცა 81-ე წუთზე ბათუმელები ახლოს იყვნენ ანგარიშის გახსნასთან. საკუთარი კარის სიახლოვეს მიუტევებელი შეცდომა დაუშვა შეცვლაზე შესულმა კომახიძემ. მან ჯერ ბურთი დაკარგა, შემდეგ კი შონიასთან ორთაბრძოლისას საჯარიმოს წინა ხაზთან წესი დაარღვია. სტანდარტულის შესასრულებლად მოედანზე ახლადშესული მუჯირი ემზადებოდა, თუმცა დარტყმა გოგიტიძემ განახორციელა და ხარიხა შეაზანზარა. ხუთ წუთში თითქმის ანალოგიური ადგილიდან დანიშნული საჯარიმო ამჯერად მუჯირმა შეასრულა, მაგრამ კაკალაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთს შედარებით იოლად დაეუფლა.

მატჩის უკანასკნელ წუთზე ,,მუმუს” შეეძლო თავისიანებისთვის გამარჯვება მოეპოვებინა. ბათუმელთა ვეტერანმა ბერიაშვილთან ,,კედელი” გაითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. მისი მცდელობა ოდნავ უზუსტო გამოდგა.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ბათუმელები კინაღამ დაისაჯნენ. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ლობეს გადაცემის შემდეგ ტუღუში მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და გამჭოლი გადაცემა განახორციელა. ბურთმა მეკარის ბაქანზე გაიარა და პირითი ხაზი დატოვა. ბათუმელთა გასახარად მას მიმართულება ვერავინ შეუცვალა. ამასობაში ნინუას საფინალო სასტვენი გაისმა რომელმაც საბრძოლო ფრე დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ასლან ბალაძე (,,დინამო”): ,,შედეგი ჩვენთვის მისაღებია. მართალია მასპინძლები გვერქვა, მაგრამ მაინც სტუმრად ვთამაშობდით. აჭარული დერბია და დიდი დატვირთვა ჰქონდა, ამიტომ ბიჭები ღელავდნენ და შეცდომებიც იყო. პირველი წრე ოთხეულში დავამთავრეთ. ვფიქრობ კარგი შედეგია. ახლა დროებით დავისვენებთ და მეორე წრისთვის უფრო საფუძვლიანად მოვემზადებით.“

კონსტანტინ ფროლოვი (,,შუქურა”): ,,სიმართლე ითქვას შედეგით კმაყოფილი ვარ. ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს და ჩაფიძის ტრავმამ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ახლა დროებით დავისვენებთ და მერე შევიკრიბებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, გუნდთან კონტრაქტი წლის ბოლომდე მაკავშირებს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ მუშაობა კიდევ გავაგრძელო.”

,,დინამო” (ბათუმი) - ,,შუქურა” (ქობულეთი) 0:0 (0:0)
6 დეკემბერი
. 14:00 სთ. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 3000 მაყურებელი.

,,დინამო ”: ალავიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, მახარაძე (კ), გოგიტიძე, ჩირიკაშვილი (მაკარიანი 87), ჭკუასელი, შონია, გ. ბერიაშვილი, ტატანაშვილი (მუჯირი 75), ტეტუნაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

,,შუქურა”: თ. კაკალაძე, გ. გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, ჩალაძე, კუხიანიძე, ლობე, ზ. ტუღუში, ჩაფიძე (კომახიძე 15, მესხი 83), ჩელებაძე (კ) (ტაკიძე 90), მეტრეველი;

მთავარი მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გაფრთხილება: ჭკუასელი (50), მგელაძე (72), ზ. ტუღუში (76), ჩირიკაშვილი (84);

არბიტრი: ბაკურ ნინუა

1. დინამო თბილისი 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. დინამო ბათუმი 15 7 3 5 17:14 24
5. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
11. გურია 14 4 6 4 16:23 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.110314