დანიის სუპერლიგის მე-17 ტურში ლადო დვალიშვილის “ოდენსემ” შინ “ოლბორგთან” ითამაშა. 28 წლის ქართველმა ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში, 73-ე წუთზე მის ნაცვლად “აიაქსის” ყოფილი მოთამაშე დარკო ბოდული გამოჩნდა მინდორზე.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში “ოლბორგმა” 66-ე წუთზე ენევოლდსენის გოლით გახსნა, 75-ე წუთზე კი ფალკმა გაათანაბრა.
ზაპოროჟიეში ლუგანსკის “ზარიამ” ჯაბა კანკავას “დნიპროს” უმასპინძლა. მასპინძელთა განაცხადში იმყოფებოდა “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი მოთამაშე ჯაბა ლიპარტია, მას თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავა გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1).
გერმანიის მესამე ლიგაში გოლი გაიტანა აკაკი გოგიამ. “ქემნიცთან” გასვლით შეხვედრაში “ჰალეშერმა” 23-ე წუთზე მარსელ ფრანკეს გოლით გახსნა ანგარიში, 32-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლი აკაკი გოგიამ გაიტანა, რომელმაც სრულად ჩაატარა შეხვედრა. “ჰალეშერი” 20 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.
კრისტიან ციგეს “უნტერჰაჰინგმა” შინ ფრედ 1:1 დაასრულა შეხვედრა “ჰოლსტენ კიელთან.” 2002 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ლუკა ჰუფნაგელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მატჩის ბოლომდე არ შეუცვლია.
პირველი ტაიმი ვაიდმენის გოლით მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ბრეიტკრაუცის გოლით ანგარიში გათანაბრდა.
პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში “რიუ ავესა” და “ჟილ ვისენტეს” შეხვედრაში გოლი არ გასულა. ქართველი ფეხბურთელი ავთანდილ ებრალიძე განაცხადში არ იმყოფებოდა.
კვიპროსის ჩემპიონატში “ოთელოსმა” გასვლითი მატჩი “ომონიასთან” ითამაშა. მასპინძლებმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, დიუსელდორფის “ფორტუნას” ყოფილი ფორვარდის პოტეს მიერ 95-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. გოლამდე ორი წუთით ადრე მოედნიდან გააძევეს ქართველი მეკარე როინ კვასხვაძე, სხვა ქართველთაგან “ოთელოსის” რიგებში სრულად ითამაშეს ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა.
ბელორუსიის რანგით მეორე ლიგაში ითამაშებს ქართველი მცველის ნიკოლოზ მნათობიშვილის მოგილიევის “დნეპრი.”გადათამაშების საპასუხო მატჩი ფრედ 1:1, ხოლო პირველი მატჩი მეტოქე კლუბის, “ვიტებსკის” გამარჯვებით დასრულდა. მნათობიშვილმა ტრავმის გამო ორივე მატჩი გამოტოვა.