თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ესპანური კლუბი სტამბულში “გალათასარაის” ესტუმრა და უშუალო მეტოქეს 89:82 სძლია.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მხოლოდ 07:20 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში 25 ქულით საუკეთესო ფერნანდო სან ემეტერიო გახლდათ, კიმ ტილიმ 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ტომას უერტელმა კი 12 ქულას 9 პასი წაამატა. გამოსარჩევია დორონ პერკინსის გარჯაც, რომელმაც 9 ქულა ჩააგდო და ყველა – ბოლო წუთებზე.
“ლაბორალ კუჩამ” 4 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და D ჯგუფში პირეოსის “ოლიმპიაკოსის” და ბელგრადის “პარტიზანის” კვალად, მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. ბასკურ კლუბს მომდევნო მატჩი 12 დეკემბერს, შინ, ესპანურსავე “ვალენსიასთან” ელის.
“ბარსელონას” დარად, ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა კი მოიშუშა, თუმცა, ამჯერად, მაღალმა ტემპერატურამ შეაწუხა და ზაგრების “ცედევიტასთან” მოგებულ მატჩში (97:79) არ უთამაშია. ცსკა-ს შემდეგი თამაში 11 დეკემბერს მალაგაში “უნიკახასთან” ელის.