ყაზანის “უნიკსში” რუსი მწვრთნელის ევგენი პაშუტინის მისვლის შემდეგ, გუნდის ქართველი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის საქმეები უკან-უკან მიდის. პაშუტინი ვიკას ან სიმბოლურ დროს უთმობს ანაც საერთოდ, განაცხადში არ შეჰყავს.
ასე იყო “დინამო სასარისთან” ევროლიგის მატჩშიც, რომელიც ყაზანელებმა სტუმრად 72:68 მოიგეს, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე მხოლოდ 02:10 წუთი გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროში სანიკიძეს არც შეცდომა დაუშვია, არც პერსონალური ფოლი მიუღია და დაცვაშიც აქტიურად ირჯებოდა, თუმცა, მე-2 მეოთხედის სტარტზე მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა და იქიდან აღარც წამოუყენებია...
“უნიქსის” მიერ იტალიაში მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში კი ლომის წვლილი ამერიკელმა დ’ორ ფიშერმა დაიდო, რომელმაც მხოლოდ სამ წუთს დაისვენა და სტუმრებს 23 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. ფიშერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 43-ს უწია და დიდი ალბათობით, იგი ევროლიგის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდება.
ყაზანელებმა 4 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმეს და A ჯგუფში “რეალის” და “ანადოლუ ეფესის” კვალად, მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს. ისიც სათქმელია, რომ უხეირო სტარტის კვალად, “უნიკსმა” მიჯრით მე-3 მოგება მიითვალა. რუსული კლუბი მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს კაუნასის “ჟალგირისთან” ჩაატარებს.