ბელარუსის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ალექსანდრ ხაცკევიჩი დანიშნეს. მან გეორგი კონდრატიევი შეცვალა, რომელმაც ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში წარუმატებელი სტარტის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
ხაცკევიჩს ბელარუსის ნაკრებში 38 მატჩი ჩაუტარებია და 4 გოლი გაუტანია. წლების განმავლობაში ის კიევის “დინამოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო და ბელარუსის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელს. კარიერა 2007 წელს დაასრულა. ამის შემდეგ, მინსკის “დინამოს”, “ვიტებსკს”, ბელარუსის 19-წლამდელთა ნაკრებსა და კიევის “დინამო 2”-ს წვრთნიდა. გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.
“კარგი წინადადებით მომმართეს და მეც დავთანხმდი. რა თქმა უნდა, მშობლიური ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებდი. თუმცა, როგორც გულშემატკივარი. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა - მეტოქის მიუხედავად 5 მცველით არ ვითამაშებთ. მიმდინარე შესარჩევი ციკლის ამოცანები? გასაგებია, რომ რაც უფრო მაღალ ადგილს დავიკავებთ, უკეთესია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველი თამაში წინსვლის პერსპექტივაა. სწორედ, ამ კუთხით უნდა შევხედოთ. მთავარია, რომ ჩვენი თამაში სტაბილური იყოს და გუნდმა იცოდეს, რა გააკეთოს” –ხაცკევიჩის ნათქვამს ბელარუსული მედია ავრცელებს.