დეკემბრის სუსხში, შევარდენის ხელოვნურ მოედანზე, პროჟექტორთა შუქზე დასრულდა 18 წლამდელ ჭაბუკთა "ა" ლიგის 2014 წლის სეზონი, რომელიც ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გაიხსნა.
ტურნირში 19 გუნდი ჩაება. ორ პულში მოეწყო სრული ორ-ორი წრე. ორ-ორი უკეთესი გავიდა პლეი-ოფში. ამას მოჰყვა ორ-მატჩა ნახევარ-ფინალები და თითო-მატჩა ფინალები.
პულები აკადემიამ და აიამ მოიგეს, მაგრამ ოქროს ფინალში ქუთაისს რუსთავი შეება. ასპარეზის მომცრო ტრიბუნა და მისი მომიჯნავე ბილიკი ქომაგებმა აავსეს. გულშემატკივრობა იყო ხმაურიანი, მაგრამ სანიმუშო - როგორც რაგბის სულსა და ტრადიციას შეეფერება.
თამაშმა გაამართლა. ქუთაისმა ოთხი ლელო დადო, მაგრამ კარს ოთხივე გარდასახვა და ორიც ჯარიმა ააცილა. რუსთავმა გამოიყენა სამივე ჯარიმა.
სინბინში არავინ გაუგდიათ, ნამატჩევს კი ორივე გუნდი მედლებით დააჯილდოვეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გია გორგასლიძემ და საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელებმა - ნიაზ მამრიკიშვილმა და მალხაზ კოროშინაძემ.
მთავარ მატჩამდე, იქვე, მზის გულზე, ბრინჯაოს ფინალში აკადემიამ 21:17 ძლია ლოკომოტივი.
www.rugby.ge