საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და Top 14-ის ერთ-ერთ ლიდერ “კლერმონის” მესამეხაზელ ვიტო კოლელიშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
25 წლის მორაგბე Top 14-ის მე-12 ტურში, 29 ნოემბერს “ტულონთან” მატჩში დაშავდა და უკვე მე-11 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვიტოს მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. გარდა ამისა, მას მენისკიც დაუზიანდა და საოპერაციოა. ექიმები ვარაუდობენ, რომ მკურნალობას და აღდგენით პროცესს დაახლოებით 7-8 თვე დაჭირდება. ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩატარდება.
ამრიგად, საუკეთესო შემთხვევაში, კოლელიშვილი ვარჯიშს ივლისის დასაწყისში განაახლებს და მსოფლიო თასამდე ფორმაში შესასვლელად დაახლოებით ორი თვე ექნება.
მას “ბორჯღალოსანთა” მაისურით 31 თამაში აქვს ჩატარებული და ბოლო შეხვედრაში, დავით კაჭარავას ტრავმის შემდეგ, გუნდს იაპონიასთან მოგებულ მატჩში მე-3 წუთიდან უკაპიტნა. ვიტოს ანგარიშზე 3 სანაკრებო ლელო, 2 წითელი და 4 ყვითელი ბარათია.