ტურინის “იუვენტუსის” 35 წლის ნახევარმცველის ანდრეა პირლოს გადამწყვეტმა და ლამაზმა გოლმა ტურინულ დერბიში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. პირლოს შესახებ იტალიურ მედიას კომენტარი ისეთმა ლეგენდებმა გაუკეთეს, როგორებიც რობერტო ბაჯო, იოჰან კრუიფი, ჯანი რივერა და მიშელ პლატინი არიან.
“შესანიშნავი ანდრეა და შესანიშნავი გოლი” - განაცხადა მოკრძალებულად რობერტო ბაჯომ.
“პირლო იტალიის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის იყო “მილანის” მთავარი ფიგურა, ახლა კი იგივე როლი “იუვენტუსში” აკისრია. “ტორინოს” წინააღმდეგ თამაშისას ლამაზი გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ბურთს ისე ეპყრობა, როგორც პირლო ჩავია, “ბარსელონადან”, - განაცხადა ჰოლანდიელმა კრუიფმა.
“პირლო დიდებული ფეხბურთელია. მან ყოველთვის იცის, როდის და როგორ შეეხოს ბურთს. “ოქროს ბურთის” მოსაგებად ევროასპარეზზე წარმატებული თამაშია საჭირო. პირლოს ორჯერ მოუგია ჩემპიონთა თასი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მისი კარიერის საუკეთესო სეზონები არ ყოფილა”, - თქვა პირლოს სახელოვანმა თანამემამულემ ჯანი რივერამ.
“პირლო განსაკუთრებული ფეხბურთელია. ქუდსაც კი მოვიხდიდი მის წინაშე”, - ეს უკვე უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის სიტყვებია.