ფეხბურთი

17:45 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სიონმა" და "ზუგდიდმა" ქულები გაიყვეს

უმაღლესის ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში, თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და ზუგდიდის "ზუგდიდი" დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა ტემპი საკმაოდ დაბალი იყო და საგოლე მომენტებიც ბევრი არ შექმნილა, შეხვედრაც ლოგიკური შედეგით, 0:0 დასრულდა.

გუნდებმა მატჩი დაბალ ტემპში დიწყეს. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-9 წუთზე შექმნეს, როცა ვილი ისიანმა მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და საჯარიმო მოედანში ჩააწოდა, თუმცა ფორვარდებს მცველებმა დაასწრეს და სიტუაცია განმუხტეს. ზუგდიდელებმა საპასუხო იერიშით 22-ე წუთზე უპასუხეს. ვალიკო ტყემალაძის შორეული დარტყმა ზემოდან გადასცდა ზურაბ ბათიაშვილის კარს.

5 წუთის შემდეგ, ბოლნისელებმა განახორციელეს საპასუხო დარტყმა, ამჯერად გიორგი ცხადაიას დარტყმულ ბურთს რევაზ თევდორაძე ადვილად დაეუფლა. 38-ე წუთზე ზვიად ლობჯანიძის შორეული საჯარიმო სახიფათო გამოდგა, მაგრამ ზემოდან გადასცდა მეგრელთა კარს. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ცხადაიამ კიდევ ერთხელ სცადა შორი მანძილიდან გატანა, მაგრამ დუელში გამარჯვებული ამჯერადაც მეკარე თევდორაძე გამოვიდა. ტაიმის ბოლო სახიფათო მოემნტი ბოლნისელებმა 43-ე წუთზე შექმენს, როცა გიორგი ფოფხაძის მიერ მოწოდებულ კუთხურს სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, სიტუაციაში პირველი სოსო ჭიკაიძე გაერკვა, მაგრამ ბურთი თევდორაძის იოლი ნადავლი გახდა.

მეორე ტაიმიც პირველი ნახევრის მსგავსად ნელ ტემპში დაიწყო. 47-ე წუთზე ლობჯანიძემ და დავით სირაძემ კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რასაც სირაძის კარის მიმართულებით დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ზუგდიდელმა მცველებმა თავგანწირულად ითამაშეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. 65-ე წუთზე მოედანზე ახალშესულმა ლაშა კუკავამ იაქტიურა და კარშიც დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა ბოლნისელთა კარს. 68-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ლობჯანიძე აწვდის საჯარიმოში. იქ არეულობა შეიქმნა, კარში დარტყმა კი ალექსანდრე ინწკირველმა მოახერხა, მაგრამ არაზუსტად.

შეხვედრის ბოლო მონაკვეთი "ზუგდიდის" უპირატესობით წარიმართა. 81-ე წუთზე კუკავას აქტიურობას კუთხური მოჰყვა, ხოლო ამ კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ლაშა ღონღაძემ თავით დაარტყა, სტუმრებს მშველელად მცველი მოევლინა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა. შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტიც სტუმრებმა შექმნეს. 88-ე წუთზე დავით ლომაიას თავური დარტყმა მცირედით არაზუსტი გამოდგა.

საბოლოოდ, დაძაბული მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა. მოპოვებული ქულის მიუხედავად, “ზუგდიდი” 14 ტურის შემდეგ 11 ქულით ისევ ბოლო, მე-16 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო “სიონს” 2 ქულით მეტი აქვს და მე-14 ადგილზეა.

"სიონი" - "ზუგდიდი" 0:0 (0:0)

თბილისი, "მიხეილ მესხი" 200 მაყურებელი

"სიონი" (4-3-3): ბათიაშვილი; დაჩი ფოფხაძე, ინწკირველი, კვარაცხელია, გიორგი ფოფხაძე; ცხადაია (განუგრავა 77), კანდელაკი, ლობჯანიძე; სირაძე, ჭიკაიძე (უგულავა 53), ისიანი (სამხარაძე 67)

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

"ზუგდიდი" (4-2-3-1): თევდორაძე; ლომაია, ქურდაძე, ღონღაძე, აკობია; ტყემალაძე, კობერიძე; ჯავაშვილი, ლომია (ქირია 89), ფარჯიკია (შენგელია 46); ეხვაია (კუკავა 65)

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილებები: დ. ფოფხაძე (75), ინწკირველი (79), სამხარაძე (87) - ღონღაძე (68)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

1. დინამო (თბილისი) 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. სპარტაკი 14 7 3 4 14:19 24
5. დინამო (ბათუმი) 14 7 2 5 17:14 23
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. გურია 14 4 6 4 16:23 18
11. შუქურა 14 4 5 5 14:17 17
12. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
13. კოლხეთი 14 3 5 6 11:16 14
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117977