ფეხბურთი

14:15 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი პირველი სამი ქულის მოლოდინში, “ტორინო” პირველი გოლის...

იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს სერია A-ს მე-13 ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი ელით. ტურის უდაოდ გამორჩეული შეხვედრა კვირას, რომში გაიმართება, სადაც “რომა” “ინტერს” უმასპინძლებს. დიდ ინტერესს იწვევს იმავე დღეს გასამართი კიდევ ერთი შეხვედრა, ტურნული დერბი “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის. მანამდე კი, ტური დღეს დაიწყება ორი შეხვედრით. “სასუოლო” საკუთარ მოედანზე “ვერონას” უმასპინძლებს, ხოლო ღამის შეხვედრაში მეორე ვერონული გუნდი “კიევო” რომის “ლაციოს” დაუხვდება.

“სასუოლო” - “ვერონა”

თარიღი: 29 ნოემბერი, 21:00 საათი

ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

ტურის პირველი შეხვედრა, როგორც უკვე ვთქვით, “სასუოლოსა” და “ვერონას” შორის გაიმართება. მასპინძლები ბოლო დროს კარგ ფორმაში იმყოფებიან და ბოლო 5 შეხვედრაში 11 ქულა მოიპოვეს, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა და რამდენიმე ტურის წინ გასავარდნად განწირული გუნდი ახლა სახიფათო ზონას 6 ქულითაა მოშორებული. თავის მხრივ, მათი დღევანდელი მოწინააღმდეგე უკვე ზედიზედ 5 ტურია გამარჯვებას ვერ ახერხებს, თუმცა ანდრეა მანდორლინის გუნდი ჯერჯერობით სამშვიდობოსაა - 14 ქულით მე-მე-12 ადგილს იკავებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ტაიდერი; ბერარდი, ფლოკარი, სანსონე

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; გონსალესი, მარკესი, მორასი, აგოსტინი; ჰალფრედსონი, ტაკჩიდისი, იონიტა; ლოპესი, ტონი, გომესი

მსაჯი: დოვერი

“კიევო” - “ლაციო”

თარიღი: 29 ნოემბერი, 23:45 წუთი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

ახალი მთავარი მწვრთნელის როლანდო მარანის მოსვლის შემდეგ, “კიევომ” ქულების მოგროვება დაიწყო, მაგრამ გასავარდნ ზონას ჯერჯერობით თავს მაინც ვერ აღწევს. გასულ ტურში “მფრინავმა ვირებმა” ქულა უდინედან წამოიღეს და ახლა, საკუთარ კედლებში რომის “ლაციოს” ძლევას ეცდებიან. დედაქალაქელებს ამ სეზონში ევროსაგზურის მოპოვება აქვთ მიზნად დასახული, თუმცა ბოლო ორ თამაშში სტეფანო პიოლის შეგირდები ხელმოცარულნი დარჩნენ. ბოლო ტურში კი საერთოდ საკუთარ მოედანზე “იუვენტუსთან” უშანსოდ წააგეს. “ბიანკოჩელესტე” ამ შეხვედრის ვერმოგების შემთხევაში სიტუაციას ერთი-ორად გაირთულებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ძუკანოვიჩი; რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი; პალოსკი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, რადუ, ბრაიფიედი; ონაცი, ბილია, პაროლო; კანდრევა, ჯორჯევიჩი, მაური

მსაჯი: ბანტი

“კალიარი” - “ფიორენტინა”

თარიღი: 30 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”

ოდიოზური სპეციალისტის ზდენეკ ზემანის “კალიარი” მიმდინარე სეზონის ყველაზე ამოუცნობი გუნდია. გასულ ტურშიც სარდინიელებმა ნეაპოლში ორბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩეს და იტალიის სამხრეთიდან შინ ქულით დაბრუნდნენ. დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით დიდად ვერც მათი მოწინააღდეგე “ფიორენტინა” დაიკვეხნის. ფლორენციელებს სეზონის წინ დიდი მიზნები ჰქონდათ, თუმცა ჯერჯერობით გუნდი მხოლოდ სატურნირო ცხრილის შუაშია მოქცეული. წინა ტურში მონტელას გუნდმა ვერონადან რთული, მაგრამ საჭირო სამი ქულა წამოიღო და წარმატებული თამაშის გაგრძელებას კუნძულელთა წინააღმდეგაც შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; კრესეტიჯი, კონტი, ეკდალი; ფარიასი, იბარბო, კოსუ

“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი; კუადრადო, აკვილანი, პიზარო, ბორხა ვალერო, ალონსო; ილიჩიჩი, გომესი

მსაჯი: კალვარეზე

“ჩეზენა” - “ჯენოა”

თარიღი: 30 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

ჩეზენაში ერთმანეთს ჩემპიონატის აუტსაიდერი და ერთ-ერთი აღმოჩენა დაუპირისპირდებიან. მასპინძლებს გამარჯვების გემო პირველი ტურის შემდეგ არ გაუსინჯავთ, როცა საკუთარ მოედანზე “პარმას” აჯობეს 1:0 და სატურნირო ცხრილშიც შესაბამისად ბოლოდან მეორე პოზიციას იკავებენ. პიერპაოლო ბიზოლის ნდობის მანდატი კი როდემდე გაუგრძელდება არავინ უწყის. გენუელები კი პირიქით, წლეულს ძალიან კარგ ფორმაში არიან და მე-5 ადგილზეც ყურყუტებენ. გუნდის წარმატებული თამაში თავდახმელ ალესანდრო მატრის სახელთანაცაა დაკავშირებული, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; მაგნუსონი, ვოლტა, ლუკინი, მაძოტა; კარბონერო, კაშონე, ჯორჯი; ბრიენცა; დეფრელი, ალმეიდა

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, მარკეზე; ედენილსონი, კუჩკა, ბერტოლაჩი, ანტონელი; პეროტი, პინილია, იაგო

მსაჯი: რუსო

“ემპოლი” - “ატალანტა”

თარიღი: 30 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი

ემპოლიში, “კარლო კასტელანის” სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ჩემპიონატის ორი აუტსაიდერი დაუპირისპირდება. ლევან მჭედლიძის გუნდის და ბერგამოელთა მიზანიც მიმდინარე სეზონში ერთია - ელიტაში ადგილის შენარჩუნება. “ემპოლიმ” მიჯრით ბოლო ორი შეხვედრის მოგება შეძლო და რთული მდგომარეობა გამოიკეთა, ხოლო “ნერაძური” უკვე 5 თამაშია გამარჯვების მოპოვებას ვერაფრით ახერხებს. წინა ტურში ბერგამოელებმა საკუთარ მოედანზე “რომასთან” იბრძოლეს, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ტოსკანელთა სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვეკინო, ვალდიფიორი, კროჩე; ვერდი; მაკარონე, ტავანო

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ბენალუანი, სტენდარდო, კერუბინი, დრამე; რაიმონდი, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; დენისი, მორალესი

მსაჯი: პერუცო

“მილანი” - “უდინეზე”

თარიღი: 30 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

ფილიპო ინძაგის “მილანი” საკუთარ მოედანზე “უდინეზეს” მიიღებს. ბოლო ტურში “როსონერიმ” “მადონინაში” მხოლოდ ფრეს მიაღწია და მრავლისნახველი მილანელი ქომაგი უდინელებთან მატჩში მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს. სხვა გზა “მილანს” არც აქვს. გუნდი ნელ-ნელა ჩემპიონთა ლიგის ზონას შორდება და მდგომარეობა მალევე უნდა გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მილანური გრანდი მომავალ წელსაც უპრესტიჟულესი ევროტურნირის მირმა დარჩება, რაც ადვილი შესაძლებელია “სუპერპიპოს” არც აპატიონ. რაც შეეხება “უდინეზეს”, უდინელები ცხრილის შუაში არიან მოკალათებული და წლეულს დიდი მიზნები არ ამოძრავებთ. გუნდის კაპიტანმა ტოტო დი ნატალემ წინა ტურში სერია A-ში თავის მე-400 შეხვედრაში მე-200 გოლი გაიტანა! მართლაც ზღაპრული შედეგია, ტოტოს საშუალოდ ორ თამაშში 1 გოლი გააქვს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; რამი, მექსე, ძაპატა, დე შილიო; ბონავენტურა, ესიენი, მუნტარი; ჰონდა, მენეზი, ელ შაარავი

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; პირისი; ჰეტრო, დანილო, დომიცი; ბადუ, ალანი, გილერმე; კონე; დი ნატალე, ტერო

მსაჯი: ვალერი

“პალერმო” - “პარმა”

თარიღი: 30 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

პალერმოში ადგილობრივი გუნდი ჩემპიონატის აუტსაიდერ “პარმას” მიიღებს. მასპინძლებმა ბოლო დროს თამაშის ხარისხი გამოასწორეს და ბოლო 4 ტურში 8 ქულა მოიპოვეს, რითაც სატურნირო ცხრილში ოდნავ ზემოთ აინაცვლეს. “პარმა” კი საკუთარი თამაშის პოვნას ვერაფრით ახერხებს და განვლილი 12 ტურის შემდეგ, ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება. პარმეზანელებმა ამ დროის განმავლოვბაში მხოლოდ 6 ქულის მოგროვება შეძლეს, ბოლო ტურში კი სულაც საკუთარ კედლებში “ემპოლისთან” უშანსოდ წააგეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით დაკავებულ პოსტს ინარჩუნებს რობერტო დონადონი, თუმცა არავის იცის, როდემდე ეყოფა მოთმინება “პარმას” პრეზიდენტ ტომაზო გირარდის. დონადონი საკუთარ გუნდს სიცილიელების წინააღმდეგ მხოლოდ 3 ქულის მოპოვებას უსახავს მიზნად და ვნახოთ რამდენად გამოუვათ მათ ეს ყველაფერი.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

“პარმა” (3-5-2): მირანტე; კოსტა, ლუკარელი, ფელიპე; რისტოვსკი, გალოპა, ლოდი, მაური, დე ჩელიე; კასანო, ბელფოდილი

მსაჯი: ირატე

“იუვენტუსი” - “ტორინო”

თარიღი: 30 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

დიდ ინეტერესს იწვევს ტურნული დერბი, დერბი “დელა მოლე”. გუნდებს განსხვავებული მიზნები და შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათი დაპირისპირება ინტერესმოკლებული არასდროს ყოფილა. “იუვე” კომპაქტურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ზედიზედ მეოთხე სკუდეტოსკენ. მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკა შეცვალა და გუნდმაც თამაში ხარისხს აშკარად უმატა. თავის მხრივ, ჯამპიერო ვენტურას “ტორინოს” ერთი სერიოზული პრობლემა აქვს - გოლის გატანა. “გრანატას” მხოლოდ 7 გოლი აქვს გატანილი. ამას თუ დავუმატებთ, რომ ტურინულ დერბიში “ტორინოს” გოლი 2002 წლის შემდგომ არ გაუტანია, ნათელი გახდება, რომ კვირას გასამართ შეხვედრას ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. “ტორინოსთვის” გოლის გატანის გარდა სერიოზულ პრობლემად იქცა თერთმეტმეტრიანების რელიზება. “ტოროს” წლეულს კალჩოში 3-დან 3 თერთმეტმეტრიანი აქვს გაცუდებული.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, მარკიზიო, პოგბა; პერეირა; ტევესი, მორატა

“ტორინო” (3-5-1-1): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, გაცი, ვივესი, ფარნერუდი, დარმიანი; ელ კადური; კვალიარელა

მსაჯი: ორსატო

“რომა” - “ინტერი”

თარიღი: 30 ნოემბერი, 23:45 წუთი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში გაიმართება, სადაც “რომა” “ინტერს” მიიღებს. ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული დაძაბულობით და ხშირ შემთხვევაში შედეგიანობითაც. რომაელებს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - სკუდეტოს მოპოვება და ამისათვის მათ “ნერაძურის” ძლევაც სჭირდებათ, რადგან “იუვენტუსს” კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მიეცეს. “ინტერის” თავკაცის პოსტზე ხელმეორე დებიუტი ჰქონდა გასულ კვირას რობერტო მანჩინის. მანჩინიმ შავ-ლურჯებს “მადონინაში” ქულა მოაპოვებინა, ხოლო ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე უკრაინულ “დნიპროსთან” 10-კაციანმა “ინტერმა” სამი ქულა მიითვალა. მანჩინის თქმით, “ინტერი” “ოლიმპიკოზე” მხოლოდ სამი ქულისთვის გავა და ამ შეხვედრამაც კალჩოს მოყვარულებს წესით კარგი სანახაობა უნდა შესთავაზოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; ფლორენცი, ტოტი, ჟერვინიო

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, დოდო; მედელი, კუჟმანოვიჩი, გუარინი; კოვაჩიჩი; იკარდი, პალასიო

მსაჯი: მაცოლენი

“სამპდორია” - “ნაპოლი”

თარიღი: 1 დეკემბერი, 23:55 წუთი

ადგილი: გენუა, “მარასი”

მე-13 ტური ორშაბათს დასრულდება. გენუაში “სამპდორია” “ნაპოლის” უმასპინძლებს. გუნდები ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან. მასპინძლები მე-5 პოზიციაზე, სტუმრები კი ერთი საფეხურით მაღლა. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ერთი ქულაა. “სამპას” მიმდინარე სეზონში ერთადერთხელ აქვს მარცხი განცდილი. რაფა ბენიტესის გუნდი კი ბოლო ხანებში უკეთ ათამაშდა, თუმცა სტაბილურობისგან მაინც შორსაა. ბოლო ტურში გუნდმა “სან პაოლოზე” “კალირისთან” ლამის მოგებული შეხვედრა ვერ მოიგო და ესპანელ თავკაცსაც კრიტიკა არ მოჰკლებია. გუნდების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე მე-13 ტური საინტერესო მატჩით უნდა დამთავრდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სამპდორია” (4-3-3): რომერო; დე სილვესტრი, რომანიოლი, სილვესტრე, რეჯინი; სორიანო, პალომბო, ობიანგი; გაბიადინი, ოკაკა, ედერი

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ჟორჟინიო, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი; იგუაინი

მსაჯი: როკი

თეგებისერია A
0.156224