კალათბურთი

2:44 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უნიკსის” სენსაციური გამარჯვება მადრიდში

სენსაცია მოახდინა ყაზანის “უნიკსმა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ირიცხება. რუსული კლუბი ევროლიგის ეგიდით მადრიდს ესტუმრა და ადგილობრივი “რეალი” 85:75 დაამარცხა.

სანიკიძეს მხოლოდ 03:53 წუთი დაუთმეს, რა დროშიც მან 2 საჯარიმო ააცილა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ქართველის წინააღმდეგ კი ერთხელ დააჯარიმდნენ.

ყაზანელთა გამარჯვება ამერიკელ ლეგიონერთა ჩინებულმა გარჯამ განაპირობა. დ’ორ ფიშერმა 25 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო კერტის ჯერელსის მონაგარი 23 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი იყო.

ამ გამარჯვების წყალობით, “უნიკსმა” 3 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ყაზანელები A ჯგუფში კაუნასის “ჟალგირისს” და “ნიჟნი ნოვგოროდს” გაუტოლდნენ და ჯერჯერობით, მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

4 დეკემბერს “უნიკსი” აუტსაიდერ “დინამო სასარის” ესტუმრება, დღეს კი ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” შინ “ჟალგირისს” დაუხვდება.

B ჯგუფში 7 მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა. ქართველმა მცველმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად თელ-ავივში “მაკაბისთან” იმყოფებოდა, თუმცა, ის განაცხადში არ შეუყვანიათ.

რუსულმა გრანდმა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი 84:61 გაანადგურა, ყველაზე დიდი მონაგარი კი ამერიკელ სონი ვიმსს ჰქონდა – 19 ქულა. 5 დეკემბერს, ცსკა ზაგრების “ცედევიტას” დაუხვდება.

0.12128