მორიგი მატჩები გამართეს ქართველი ხელბურთელების ევროპულმა კლუბებმა. სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ EHF თასის მესამე წრის პირველ მატჩში 27:22 დაამარცხა მინსკის სკა.
სერბული კლუბი რანგით მეორე ევროტურნირზე მას შემდეგ გადაერთო, რაც ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია ვერ გაიარა და პირველ მეტოქედ ერგო ბელარუსის სახელოვანი კლუბი – ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი.
პირველ მატჩში, რომელიც ვოივოდინას საშინაო სარბიელზე, ნოვი სადში გაიმართა, ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო 36 წლის ქართველი ვეტერანი – სერგომ 8 გოლი გაიტანა. საპასუხო მატჩი 29 ნოემბერს გაიმართება მინსკში, ხოლო ორი მატჩის გამარჯვებული ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპზე გავა.
რუმინეთის ჩემპიონატზე სრულდება რეგულარული სეზონის პირველი წრე. პოლიტექნიკა ტიმიშოარამ შინ 41:31 დაამარცხა სუჩავა. ირაკლი ჩიქოვანმა გაიტანა 3 გოლი, ხოლო პოლიტექნიკამ მერვე, პლეიოფში გამსვლელ ადგილზე გადაინაცვლა 16 ქულით (12 მატჩი, 5 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება). შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას გუნდი, ოდორჰეი, ამ ტურის შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავს პოტაისა ტურდასთან.
მაკედონიის რეგულარულ პირველობას ათიდან 10 მოგებით ლიდერობს ზომიმაკ სტრუმიცა, რომელმაც სტუმრად მოუგო პროლეტს – 25:18, რევაზ ჭანტურიამ 6 გოლი გაიტანა.
თურქეთში გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძე ტრაბზონსფორი სტუმრად დამარცხდა კონიასთან - 38:43. ტორონჯაძე ტრაბზონელთა ძირითადი მეკარეა, ხოლო მსხვილიძეს აქილევსის მყესის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი აქვს. ტრაბზონი 8 თამაშიდან 3 მოგებით მერვე ადგილზეა.
www.geohandball.ge