ფეხბურთი

23:34 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას დებიუტი და ოქრიაშვილის დაბრუნება

ლევან ყენიამ პირველი მატჩი ჩაატარა პრაღის "სლავიაში" და "ჰრადეც კრალოვესთან" გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო გაუუქმეს. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა. მატჩი 1:1 დასრულდა.

ყენია სასტარტოში გახლდათ და მოედნიდან 63-ე წუთზე გაიყვანეს, როცა ანგარიში 1:1 იყო. ლევანმა რამდენჯერმე აჩვენა კლასი და საერთოდაც, ამდენი ხნის უთამაშებლის კვალობაზე, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "სლავია" მერვე ადგილზეა.

ბელგიაში "გენკმა" 3:0 სძლია "მეხელენს" და მეხუთე ადგილზეა. თორნიკე ოქრიაშვილი 23-ე წუთზე შევიდა მინდორზე ერთ-ერთი ტრავმირებული ფეხბურთელის ნაცვლად, თუმცა თავადვე ფეხი იტკინა და ბოლომდე ვერ ითამაშა – 83-ეზე შეცვალეს. თორნიკე კარგად გაისარჯა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო მინდორზე. ცნობილი ამბების შემდეგ, ეს მისი პირველი მატჩი იყო "გენკის" ძირითად გუნდში. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, ის სათადარიგო იყო და კვლავაც არ მოუწია თამაშმა.

დანიის პირველ ლიგაში "ორჰუსმა" შინ 1:0 გაიმარჯვა "ლუნგბისთან" და მეოთხე საფეხურზეა. მათე ვაწაძემ 90 წუთი ითამაშა, დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო, ხოლო დავით დევდარიანს ტრავმა აწუხებს.

რუმინეთში "კლუჟმა' 4:0 გაანადგურა "იაში" და მეორე პოზიციაზეა. გიორგი ჭანტურია სასტარტოში იყო და 57-ე წუთამდე ითამაშა – 1:0-ზე გაიყვანეს.

პოლონეთში 80 წუთი გაისარჯა ნიკა ძალამიძე, მისმა "იაგელონიამ" კი სტუმრად 1:1 ითამაშა "ლეხიასთან" და მეოთხე ადგილზეა.

რუსეთში "სპარტაკი"-"მორდოვია" 4:2 დასრულდა, ჯანო ანანიძე კი კვლავ სათადარიგო იყო. სპარტაკელები მეხუთეზე არიან.

უნგრეთში "დიორმა" შინ 0:1 წააგო "დებრეცენთან" და მეცხრე პოზიციაზეა. დიორელთა შორის ბოლო 15 წუთი ითამაშა გიორგი ქვილითაიამ.

და ბოლოს, შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" "ბეშიქთაშთან" დერბიში 0:2 წააგო. შოთას გუნდს ორივე გოლი დემბა ბამ გაუტანა. "ქასიმფაშა" მე-11 საფეხურზეა.

0.151027