ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღემ გრანდების სრული დომინირებით ჩაიარა.
დღის პირველი მატჩი “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, სადაც “ატლეტიკომ” “მალაგას” უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. მასპინძლებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი, ისინი კვლავ მშვენივრად თამაშობენ სტანდარტულებზე და საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ამ მხრივ. მადრიდელები მე-13 წუთზე სწორედ სტანდარტული მდგომარეობიდან დაწინაურდნენ. კუთხურიდან კოკეს მიერ ჩამოწოდებულ ტიაგო გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. პირველ ნახევარში ბევრი მომენტი არ ყოფილა, მორიგი სახიფათო ეპიზოდი კვლავ გოლით დასრულდა – მანძუკიჩმა მშვენივრად ითამაშა და არდას გადააწოდა ბურთი, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და გრიზმანს ცარიელ კარში გაატანინა.
მეორე ტაიმი მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს და ანსალდის კარგი თამაშის შემდეგ, მანძუკიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ კამენმა ივარგა. “მალაგამ” თავისი პირველივე რეალური მომენტი გოლად აქცია, კასტილიეხოს ჩამოწოდებულს როკე სანტა კრუზი გამოეხმაურა და სხვაობა შეამცირა. გატანილმა გოლმა “როხიბლანკო” გააბრაზა და მომენტების კასკადი შექმნა. რაულ ხიმენესმა და ანტუან გრიზმანმა რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს, ხოლო 73-ე წუთზე სამუელის გაძევების შემდეგ “მალაგას” მდგომარეობა უიმედო გახდა. 10 წუთში მადრიდელებმა მორიგი სტანდარტული გამოიყენეს, დიეგო გოდინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. დარჩენილ დროში საინტერესო მხოლოდ გაბის გაძევება იყოს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კარლოს კამენის არასტაბილური თამაში, კამერუნელი კიპერი მესამე გოლისას აშკარად შეცდა და სხვა შემთხვევებშიც არ იყო დამაჯერებელი. ასე რომ, ურიგო არ იქნება თუ, ხავი გრასია მექსიკელ მეკარეს, გილერმო ოჩოას მისცემს თავის გამოჩენის შანსს, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელად “მედუზათა” სათადარიგოთა სკამს “ხეხავს”...
შესანიშნავ სერიას განაგრძობს მადრიდის “რეალი”, რომელმაც ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო ლა ლიგაში. კარლოს ანჩელოტის გუნდმა ამჯერად “ეიბარი” იმსხვერპლა, რომელიც უდიდესი მონდომების მიუხედავად მაინც განადგურდა “იპარუაზე”.
პირველი მომენტი სწორედ მასპინძლებს ჰქონდათ, ბოვედა ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა, თუმცა კარგად ვერ დაარტყა. მალევე სტუმრებმაც შექმნეს პირველი მომენტი, ბეილმა შესანიშნავად დაარტყა საჯარიმო, რომელიც ჯერ ირურეტამ უკუაგდო, ხოლო შემდეგ ძელს მოხვდა. 23-ე წუთზე კი, ანგარიში გაიხსნა. გოლი ხამეს როდრიგესის ანგარიშზეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მსაჯებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და “რეალს” თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი ბურთი ჩაუთვალეს. შეტევის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქარიმ ბენზემა აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა მსაჯებს გამორჩათ. გაშვებული გოლის გამო “ეიბარს” ყურები არ ჩამოუყრია და მალე 100%-იანი საგოლე მომენტიც შეექმნა, კაპამ საულ ბერხონი ერთი-ერთზე გაიყვანა, მგრამ კასილასმა შესანიშნავად ითამაშა და ფეხით მოიგერია ბურთი. გადამწყვეტი აღმოჩნდა 43-ე წუთი, დანი კარვახალმა მშვენივრად ითამაშა მარჯვენ ფლანგზე, რონალდუს პასი გაუკეთა და პორტუგალიელმა სხვაობა გაზარდა.
მეორე გოლმა “იპარუას” ბინადარი გატეხა და მადრიდელებს აღარ გასჭირვებიათ. 69-ე წუთზე ბენზემამ გაიტანა, ხოლო 83-ეზე პენალტის ნიშნულიდან რონალდუმ დასვა წერტილი და თავის მე-20 გოლი გაიტანა ლა ლიგაში – 0:4.
ტურის ცენტრალური მატჩი “ნოუ კამპზე” შედგა, სადაც “ბარსელონამ” “სევილია” მიიღო და უპრობლემოდ გაანადგურა. ქომაგი ამ მატჩისგან ბევრად მეტს მოელოდა, თუმცა “სევილიამ” იმედები ყველას გაუცრუა. ანდალუსიელები მინდორზე წასაგებად გამოვიდნენ. უნაი ემერის კლუბს აბსოლიტურად ყველაფერი აკლდა, რასაც წარმატება შეეძლო მოეტანა მათთვის. სტუმრებმა ისე მოახერხეს გოლის გატანა, რომ კარშიც არ დაურტყამთ.
“ბარსელონა” უდიდეს უპირატესობას ფლობდა, რაც მალევე აისახა გატანილ გოლში. 21-ე წუთზე ლეო მესიმ შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და ტელმო ზარას რეკორდი გაიმეორა. პირველ ნახევარში მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა იღბლისა და ბეტოს კარგი თამაშის წყალობით მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმი “სევილიამ” აქტიურად დაიწყო და ამან შედეგიც გამოიღო. 47-ე წუთზე ხორდი ალბამ ავტოგოლი მიითვალა. აქედან მოყოლებული კი, მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. 2 წუთში ნეიმარმა თავური დარტყმით “ბლაუგრანა” დააწინაურა, ხოლო 65-ეზე ივან რაკიტიჩმა გაუტანა ყოფილ კლუბს და არ აღნიშნა. შეხვედრის 72-ე წუთი კი, ისტორიული აღმოჩნდა ესპანური და მსოფლიო ფეხბურთისთვის. ლეო მესიმ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელი რეკორდი დაამხო, ტელმო ზარას გადაუსწრო და ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთეო ბომბარდირი გახდა 27 წლის ასაკში. არგენტინელმა 6 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე 253 გოლია ლა ლიგაში. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, თუ კატალონიური გრანდი პირველი 8 ტური ბურთს არ უშვებდა, ახლა ზედიზედ 4 მატჩია კარს მშრალად ვერ ინახავს.
დღის ბოლო მატჩი “რიასორზე გაიმართა. “დეპორტივომ” “რეალ სოსიედადს” უმასპინძლა, რომელსაც დევიდ მოიესი პირველად გაუძღვა. შეხვედრამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ლოგიკური შედეგით 0:0 დასრულდა.
ეიბარი – რეალი 0:4 (0:2)
ეიბარი, “იპარუა“
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ეკიზა, ალბენტოსა, აბრაჰამი, ბოვედა, დ.გარსია, ერასტი, ბერხონი (ლარა 78), არუაბარენა (ლეკიჩი 78), კაპა, დელ მორალი (ანხელი 70).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი (ვარანე 73), პეპე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, ისკო, როდრიგესი (კოენტრაო 78), რონალდუ (არბელოა 84), ბეილი, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 როდრიგესი (23), 0:2 რონალდუ (43), 0:3 ბენზემა (69), 0:4 რონალდუ (83 პენ.).
გაფრთხილებები: ირურეტა, არუაბარენა, ერასტი, ალბენტოსა – რამოსი, როდრიგესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბარსელონა – სევილია 5:1 (1:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალბა (ადრიანო 82), ალვეში, ხავი (რაფინია 77), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, სუარესი (პედრო 73), ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, პარეხა, კოკე, ფიგეირაში, ბანეგა, კრიხოვიაკი, დ.სუარესი (გამეირო 61), ვიდალი (დეულოფეუ 61), ბაკა (ასპასი 73).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0;4:1;5:1 მესი (21;72;78), 1:1 ალბა (47 ს.კ.), 2:1 ნეიმარი (49), 3:1 რაკიტიჩი (65).
გაფრთხილებები: მატიე – პარეხა, კოკე
მსაჯი: კლოს გომესი
ატლეტიკო – მალაგა 3:1 (2:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-1-1): მოია, ხიმენესი, გოდინი, ანსალდი, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, გრიზმანი (საული 82), თურანი (გარსია 87), კოკე, მანძუკიჩი (ხიმენესი 57).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ს.სანჩესი, მ.ტორესი (ჰორტა 62), არტუნეში, დარდერი (რესიო 74), კამაჩო, სამუელი, ხუანმი (ლუის ალბერტო 86), კასტილიეხო, სანტა კრუზი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლები: 1:0 ტიაგო (12), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სანტა კრუზი (64), 3:1 გოდინი (83).
გაფრთხილებები: გრიზმანი, გაბი – სამუელი, კამაჩო, მ.ტორესი, ს.სანჩესი
გაძევებები: სამუელი (73), გაბი (88)
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
დეპორტივო – სოსიედადი 0:0
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ინსუა, ხუანფრანი, ხ.დომინგესი (ვილკი 46), მედუნჯანინი, ლუისინიო, ხ.როდრიგესი, კავალიერო (კუენკა 83), პოშტიგა (ტოჩე 75).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, გორკა, ანსოტეგი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, გრანერო, ბერგარა, კასტრო (პარდო 69), კანალესი (ჰერვასი 76), ველა, აგირეჩე (ფინბოგასონი 87).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გაფრთხილებები: ხუანფრანი, მედუნჯანინი, ლოპო – ანსოტეგი
მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 20. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 10 კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა"), ქარიმ ბენზემა ("რეალი") – 7.