რუსეთის საფეხბურთი პრემიერლიგის მე-14 ტურში, ყაზანის “რუბინმა”, რომლის ღირსებას სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე იცავენ, სტუმრად ეკატერინბურგის “ურალი” 3:1 დაამარცხა. ორივე ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “რუბინს” 23 ქულა აქვს და 16 გუნდში მეექვსეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში დონეცკის “ოლიმპიკმა” შინ მარიუპოლის “ილიჩევეცი” 3:2 დაამარცხა. უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძემ დონეცკელებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. მცველი ზურაბ ოჩიგავა, რომელსაც ასევე უკრაინული პასპორტი აქვს, მარიუპოლელთა თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ოლიმპიკი” 18 ქულით 14 გუნდში მეხუთეა, ხოლო “ილიჩევეცი” სამი ქულით – მეცამეტე.
ბელარუსის უმაღლესი ლიგის პირველი ექვსეულის მე-9 ტურში, სოლიგორსკის “შახტიორმა” ჟოდინოს “ტორპედო” მიიღო და ვერ მოიგო – 0:0. განაპირა ნახევარმცველი სანდრო გურული სოლიგორსკელთა რიგებში 79-ე წუთზე გამოჩნდა. “შახტიორს” 49 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
“გომელმა” სტუმრად ბატე-სთან 0:4 წააგო და მცველ ზაზა ჭელიძეს დამარცხებულებში არ უთამაშია. გომელელები 35 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან.
რუსეთის პირველი დივიზიონის 21-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” გასვლაზე “ტომთან” 0:1 დამარცხდა. რუსული პასპორტის მქონე გუჯა რუხაიამ ხაბაროვსკელებში 90 წუთი დაჰყო. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და მცველი კახა ალადაშვილი “სკა-ენერგიას” 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდნენ. რუსეთის მოქალაქე 18 წლის ფორვარდი ლაშა იმედაშვილი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 58-ეზე შეცვალეს. “სკა-ენერგიამ” ზამთრის შესვენების წინ 24 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა.
კალინიგრადში ადგილობრივმა “ბალტიკამ” ასტრახანის “ვოლგარს” ვერ აჯობა. ამჯერად, მასპინძლებში რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიას არ უთამაშია და თადარიგში იყო. “ბალტიკამ” პირველი დივიზიონის პირველი ეტაპი 21 ქულით მე-15 პოზიციაზე დაასრულა.
ძერჟინსკის “ხიმიკმა” სარატოვში “სოკოლს” 2:1 სძლია. მცველი გიორგი ჯიქია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ძერჟინსკელებში 90 წუთი გაისარჯა. “სოკოლი” 24 ქულით მეთორმეტეა.