სანაკრებო პაუზის შემდეგ, გუშინ ესპანეთის ჩემპიონატი “ნიუ სან მამესზე” დაგვიბრუნდა, სადაც ადგილობრივმა “ბილბაომ” კატალონიური “ესპანიოლი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.
ბასკებმა სეზონი საშინლად დაიწყეს, თუმცა ლა ლიგაში თამაში აშკარად გამოასწორეს და ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს. ვალვერდეს გუნდმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და სასურველ შედეგს პირველივე ნახევარში მიაღწია. ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, მარკელ სუსაეტას ჩამოწოდებულ კუთხურს არის ადურისი შეეგება და თავის მე-5 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში. ტაიმის ბოლოს ბასკმა ფორვარდმა უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა და ვიგუერას გაატანინა.
შეხვედრა მეორე ტაიმშიც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. 78-ე წუთზე კი, ანდერ იტურასპემ შესანიშნავი შორეული დარტყმით მესამედ აიღო კასილიას კარის ბადე. ერთადერთი, რაც “თუთიყუშებმა” მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანაა, სალვა სევილიას პასს ვიქტორ სანჩესი გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
“ბილბაო” 15 ქულით მე-9 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “ესპანიოლი” 11 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.
ბილბაო - ესპანიოლი 3:1 (2:0)
ბილბაო, “ნიუ სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, იტურასპე, მ.რიკო, მუნიაინი (უ.ლოპესი 89), ვიგუერა, სუსაეტა (ბენიატი 69), ადურისი (სან ხოსე 82).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ესპანიოლი (4-1-4-1): კასილია, ალვარო, კოლოტო, ხ.ლოპესი (არბილია 68), ფუენტესი, კანიასი, ა.გონსალესი (სევილია 56), ლუკასი (კაისედო 56), ვ.სანჩესი, სტუანი, ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 1:0 ადურისი (29), 2:0 ვიგუერა (44), 3:0 იტურასპე (78), 3:1 ვ.სანჩესი (84).
გაფრთხილებები: ადურისი – ლუკასი, ხ.ლოპესი, სევილია, ს.გარსია
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 18. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 10. ლეო მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.