ფეხბურთი

0:16 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

აჭარლების ორი განსხვავებული ტაიმი

წინა ტურში თბილისის ,,დინამოსთან” გასვლითი თამაშის მოგებამ და შემდეგ სათასო მატჩში ,,სამტრედიასთან” წარმატებამ ბათუმელთა ამბიცია კიდევ უფრო გაზარდა. რაც შეეხება ბოლნისელებს, ქუთაისის ,,ტორპედოს” ძლევის შემდეგ მათ სახიფათო ზონას თავი დააღწიეს და ზღვისპირეთს ამაღლებული განწყობით ეწვივნენ.

შეხვედრის დებიუტი ნელ ტემპში წარიმართა. ბურთი უმეტესწილად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. მატჩის საწყისი წუთები მეტოქეებმა ურთიერთდაზვერვას მოანდომეს. მე-10 წუთიდან ბოლნისელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მალე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. სტუმართა ფლანგური შეტევის შემდეგ მახარაძის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი ჭიკაიძეს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს წინა ხაზიდან მოულოდნელი დარტყმა განახორციელა. ალავიძემ სწრაფი რეაგირება მოახდინა. იგი ნახტომში კარის ძელთან მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

ცოტა ხანში სტუმრებმა კარის აღებაც მოახერხეს, თუმცა, არბიტრმა, თანამსაჯზე დაყრდნობით, თამაშგარე დააფიქსირა და ბუნებრივია გოლი არ ჩაითვალა.

ბოლნისელთა უპირატესობამ შედეგი ტაიმის შუაწელს გამოიღო. დაჩი ფოფხაძის ფლანგურ ჩაწოდებას ჭიკაიძემ შორეულ ძელთან მიუსწრო და თავით მეკარის ბაქანზე შემოაბრუნა, სადაც მას ლობჯანიძე დაუხვდა და ასევე თავური დარტყმით აჭარელთა კარის ბადე შეარხია - 0:1.

შეხვედრა ამის შემდეგაც ქვემოქართლელთა უპირატესობით გაგრძელდა. ნახევარი საათის მიწურულს ლობჯანიძეს დუბლის შესრულების შანსი მიეცა, იგი გოგობერიშვილის დიაგონალურ ჩაწოდებას შეუჩერებელი გასროლით აგვირგვინებდა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. იგივე ბედი ეწია ჭიკაიძის მახვილი კუთხიდან დარტყმულსაც. ისიანის ახლო მანძილიდან შესრულებული საჯარიმო კი ,,ცოცხალ კედელს” მოხვდა.

41-ე წუთზე ცხადაიას ანგარიშის გაზრდა შეეძლო. იგი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოვებულმა ძლიერად დააქუხა. ალავიძემ სწორი პოზიცია შეარჩია და თავისიანები მორიგი უსიამოვნებისგან იხსნა.

ტაიმის უკანასკნელ წუთებში აჭარლებიც გამოცოცხლდნენ. მაკარიანის ჩაწოდებულ საჯარიმოს შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა შონიამ თავით მიმართულება შეუცვალა, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა. მალე ისევ შონია ურტყამდა სახიფათოდ საჯარიმოს წინა ხაზიდან, მაგრამ სამიზნე ვერც ამჯერად გაისწორა.

შეხვედრის მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. ბათუმელთა დამრიგებელმა შესვენების დროს ერთი ცვლილება განახორციელა - ტატანაშვილის მაგივრად მოედანზე შემტევი ნახევარმცველი მუჯირი გამოიყვანა. ამ ცვლილებამ აჭარლებს 100%-ით გაუმართლა. უბერებელმა ,,მუმუმ” თანაგუნდელთა თამაში დაალაგა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.

მეორე ტაიმი აჭარლებმა აღმაფრენით დაიწყეს და გამარჯვებას საფუძველი თავიდანვე ჩაუყარეს. შეხვედრის განახლებისთანავე შონიამ მოედნის ცენტრიდან წინ გადაინაცვლა და შორეული დარტყმით მეკარის საიმედოობა მოსინჯა. ბათიაშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა. 50-ე წუთზე სუხიაშვილი მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში შევარდნილ ბერიაშვილისკენ გამჭოლი გადაცემა განახორციელა. ბერიაშვილმა თავის მეურვეს დაასწრო და თავით ბურთი ბოლნისელთა კარისკენ გაგზავნა. ბათიაშვილი ამჯერადაც უნაკლოდ გაისარჯა და ხიფათი უვნებელყო. 53-ე წუთზე აჭარლები ძალიან ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან. მეტოქის საჯარიმოში ჭკუასელის წაქცევისთვის ,,მასპინძლებმა” თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს. პენალტის შესრულება მუჯირმა ითავა, თუმცა მისი დარტყმა კარის ძელმა აისხლიტა. რამდენიმე წუთში ,,მუმუმ” თავისი შეცდომა გამოასწორა. სტუმართა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო აჭარელთა ვეტერანმა დიდებულად შეასრულა და მოჭრილი დარტყმით ბურთი ბოლნისელთა კარის ბადეში მოათავსა - 1:1.

ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. მუჯირის შორეულ გასროლას, რომელიც მცირედით ასცდა მიზანს, ცხადაია ასევე უზუსტო დარტყმით გამოეპასუხა. შემდეგ ბერიაშვილს ჰქონდა ზედიზედ ორჯერ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. პირველ შემთხვევაში ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ მისი მცდელობა მცველებმა აღკვეთეს, მეორეჯერ კი იგი მახვილი კუთხიდან ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა ბათიაშვილიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

75-ე წუთზე აჭარლები აშკარა გოლს გადაურჩნენ. ცხადაიას გადაცემის შემდეგ ისიანი თავის მეურვეს დაუსხლტდა და ზღვისპირელთა კარისკენ გამიზნული დარტყმა განახორციელა. ბათუმელები კარის ძელმა იხსნა.

აჭარელთა საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. 79-ე წუთზე მუჯირმა მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში შეჭრილ შონიასკენ ზუსტი გადაცემა განახორციელა. შონიამ უფროს თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით თავისიანები დააწინაურა - 2:1.

მატჩიც პრაქტიკულად აქ დამთავრდა. მართალია ქვემოქართლელები გათანაბრებას ცდილობდნენ და თამაშის ბოლომდე რამდენიმე შეტევაც განახორციელეს, თუმცა აქედან სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.

შეხვედრის არბიტრის საფინალო სასტვენმა ბათუმელთა ძნელი გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,ძალიან მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ. თბილისის ,,დინამოსთან” და ,,სამტრედიასთან” გამარჯვებამ დიდი ენერგია წაიღო. ბიჭებმა ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრეს. როგორც ჩანს ცოტათი გათამამდნენ კიდეც, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. წარმატებაში განუზომლად დიდია მუჯირის დამსახურება, რომლის მოედანზე გამოსვლამ თანაგუნდელებს რწმენა შემატა“.

ლადო ბურდული (,,სიონი”) - ,,ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ისინი ჩემი მეგობრები არიან და ამას ნამდვილად გულწრფელად ვამბობ. ასევე ვულოცავ ლაშა სილაგავას იმ გეგმის შესრულებას, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ მეთოდურად ახორციელებს. ამაზე ჩხუბი და კამათი უკვე მომწყინდა. ეტყობა, ვიღაც ძალიანაა დაინტერესებული ჩვენი წარუმატებლობით და ასე ამიტომ გვექცევიან”.

,,დინამო” (ბათუმი) -,,სიონი” (ბოლნისი) 2:1 (0:1)
21 ნოემბერი
. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.

,,დინამო ”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე (კ), მგელაძე, მაკარიანი, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე 77), ბერიაშვილი, ტატანაშვილი (მუჯირი 46), ჭკუასელი (ქორიძე 89).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

,,სიონი”: ბათიაშვილი, სვანიძე (კ) (უგულავა 83), გ. კვარაცხელია, ინწკირველი, გ. ფოფხაძე, დ. ფოფხაძე, ცხადაია (განუგრავა 83), გოგობერიშვილი, ზვ. ლობჯანიძე, ისიანი, ჭიკაიძე (სირაძე 57).

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლები: 0:1 ზვ. ლობჯანიძე (23), 1:1 მუჯირი (61), 2:1 შონია (79);

გაფრთხილება: სვანიძე (35), გოგობერიშვილი (37), შონია (54) , ისიანი (75), მაკარიანი (90+2);

გამოუყენებელი პენალტი: მუჯირი (53, ძელი)

არბიტრი: ლაშა სილაგავა

1. დინამო (თბ) 12 8 2 2 23:9 26
2. დილა 13 7 3 3 19:11 24
3. სამტრედია 13 6 3 4 14:10 21
4. დინამო (ბთ) 13 6 2 5 13:12 20
5. სპარტაკი 12 6 2 4 12:18 20
6. მეტალურგი 13 5 4 4 17:14 19
7. მერანი 13 5 4 4 11:9 19
8. ჩიხურა 12 5 3 4 13:12 18
9. ზესტაფონი 12 4 5 3 24:15 17
10. ტორპედო 12 3 6 3 13:12 15
11. შუქურა 12 3 5 4 12:15 14
12. გურია 12 3 5 4 12:20 14
13. სიონი 13 3 3 7 12:19 12
14. ვიტ ჯორჯია 13 3 2 8 11:16 11
15. კოლხეთი 13 2 5 6 9:15 11
16. ზუგდიდი 12 2 4 6 7:15 10

მეგოლეები:

9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

ავტორის ფოტო

0.126989