ფეხბურთი

12:14 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი და ბოატენგი ითამაშებენ, კლუბი ხედირას შეძენას უარყოფს

მიუნხენის “ბაიერნის” ხუთშაბათის ვარჯიშში მონაწილეობა მეკარე მანუელ ნოიერმა და მცველმა ჟერომ ბოატენგმა მიიღეს, რომლებიც მანამდე საწვრთნელ პროცესში ტრავმების გამო ვერ მონაწილეობდნენ.

28 წლის კიპერმა და 26 წლის მცველმა, გერმანიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი ტრავმების გამო გამოტოვეს. მიუნხენური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახლა ორივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და 22 ნოემბერს “ჰოფენჰაიმთან” გასამართ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.

სავარაუდოდ, “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა თომას მიულერი. 25 წლის შემტევი სანაკრებო შეხვედრაში დაშავდა და საწვრთნელ ცენტრშიც ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

პარალელურად, მიუნხენელები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბმა კონტრაქტი გააფორმა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირასთან. 27 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და შესაბამისად, 2015 წლის იანვრიდან უფლება აქვს მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს.

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბაიერნი” და ხედირა ახალ წელს აღარ დაელოდნენ და უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს. გერმანიის ჩემპიონის პრეს-სამსახურის უფროსმა მარკუს ჰორვიკმა სასწრაფოდ უარყო.

0.14368