მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერეზო ესპანურ მედიას ესაუბრა, სადაც “როხიბლანკოში” მიმდინარე პროცესებს შეეხო.
ხოსე კალეხონის შესახებ - “იტალიაში ბევრი ფეხბურთელი მომწონს. მათ შორის, კალეხონი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ის ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს. სიმართლეს არ შეესაბამება ამბავი, თითქოს ზაფხულში დე ლაურენტისს მისი გასხვისება ვთხოვე, მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს”.
ალესიო ჩერჩის რთულ პერიოდზე - “ჩერჩი ძალიან ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვინ უნდა ითამაშოს, მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს. მოვისმინე, რომ ის უკმაყოფილია მცირე სათამაშო დროით, თუმცა, სეზონი გრძელია და ჩერჩის თამაშის საშუალება მიეცემა. გავყიდით თუ არა მას ზამთარში? – დაველოდოთ დეკემბერს, თუმცა არ მგონია ასე მოხდეს”.
მარიო სუარესის თაობაზე - “მასთან პრობლემა არ გვაქვს. გახარებულები ვართ, რომ ჩვენთან დარჩა. სუარესი ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ფეხბურთელია. იგი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენი გუნდისთვის”.
ლა ლიგის ფავორიტებზე - “რამდენიმე გუნდია, რომელსაც ტიტულის მოგება შეუძლია”.