ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “ავივაზე” საქართველოს 49:7 დამარცხებით სარეიტინგო ქულებს ვერაფერი შემატა, მაგრამ ინგლისისა და ავსტრალიის მარცხით ისარგებლა და მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში მე-3 ადგილამდე აღზევდა.
ეს “სამყურებისთვის” საუკეთესო მაჩვენებელია, რომლისთვისაც მთელი 8 წლის განმავლობაში (2006 წლის ნოემბრიდან) აღარ მიუღწევიათ. ავსტრალია საფრანგეთთან 26:29 დამარცხდა, მაგრამ ორი საფეხურით ვარდნას იმის გამო გადაურჩა, რომ თავის მხრივ, ინგლისი სამხრეთ აფრიკასთან 28:31 დამარცხდა. ახლა ავსტრალიელებსა და ინგლისელებს შორის სხვაობა სულ რაღაც 0,01 ქულაა. ინგლისელთა ძლევით სამხრეთ აფრიკამ მონაგარს თითქმის ქულა შემატა და მეორე ადგილის შენარჩუნებასთან ერთად, ლიდერ ახალ ზელანდიასთან ჩამორჩენაც შეამცირა. ერთზე მეტი ქულა მიიღო საფრანგეთმა, მაგრამ ის მე-6 პოზიციაზე რჩება, ოღონდ საუკეთესო ხუთეულთან სხვაობა 3 ქულაზე ნაკლებია.
აგერ უკვე ხუთი წელია რეიტინგს ახალი ზელანდია ლიდერობს, რომელმაც შოტლანდიის 24:16 ძლევით ვერაფერი მიიღო, მაგრამ უახლოეს მდევარს ჯერ კიდევ 3,77 ქულით უსწრებს. უელსმა 52-ე წუთიდან კაცნაკლულად მოთამაშე ფიჯი 17:13 დაამარცხა და მე-7 ადგილზე პოზიცია მცირედით გაიმყარა. რადგან ტონგამ აშშ 40:12 დასცა, მან მეზობელ კუნძულელ ფიჯის მე-12 ადგილი მე-13-ეში გაუცვალა. თავის მხრივ, ასეთი მარცხის ფონზე ჩრდილოამერიკელებმა ერთზე მეტი სარეიტინგო ქულა რომ დაკარგეს საქართველოს 1,4 ქულით ჩამორჩნენ და მე-15 ადგილზე “ბორჯღალოსანთა” ჩანაცვლების შანსი ხელიდან გაუშვეს.
არგენტინამ იტალიელთა 20:18 ძლევით მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მიიღო და ქართველთა მომავალი მეტოქე იაპონია მე-9 ადგილიდან მე-10-მდე ჩამოაქვეითა. გასულ უიქენდზე იაპონელებმა რუმინეთს 18:13 აჯობეს, მაგრამ მათი მონაგარი “პუმებისავით” შთამბეჭდავი ვერ იყო. “ბორჯღალოსნებთან” ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან კანადამაც გაუშვა, რომელიც სამოასთან 13:23 დამარცხდა. მოწინავე ოცეულში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. რუსეთმა ჰონკონგი 39:27 დაამარცხა და ურუგვაის, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ რეპეშაჟში დამარცხდა, მე-19 ადგილი ჩამოართვა.
ამრიგად, მოცემული მომენტისთვის საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილს ინარჩუნებს (69,40) და 1,79 ქულით ჩამორჩება იტალიას, ხოლო აშშ-სა და კანადას შესაბამისად, 1,41 და 1,76 ქულით უსწრებს. ერთა თასის მონაწილეთაგან მასთან ყველაზე ახლოს კვლავ რუმინეთია, რომელიც 66,57 ქულით მე-18 პოზიციაზეა. რაც შეეხება იაპონიას, რომელსაც საქართველო 23 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს, 76,07 ქულით მე-10 ადგილზეა.
აზიელთა ძლევა საქართველოსთვის იქნება შანსი, რომ იტალიას თუ ვერ გადაასწრებს, მასთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად მაინც შეამციროს. რადგან იტალიელები სამხრეთ აფრიკას ხვდებიან და მოგების პრაქტიკული შანსი არ აქვთ, მარცხის შემთხვევაში კი არაფერს კარგავენ, სავარაუდოდ, მათი მაჩვენებელი მომავალ ორშაბათს უცვლელი დარჩება. “ბორჯღალოსნები” იაპონიის 15 და მეტი ქულის სხვაობით დამარცხების შემთხვევაში 2,05 ქულას მიიღებენ და იტალიას უკან მოიტოვებენ, ხოლო უფრო მცირე სხვაობით გამარჯვება 1,367 ქულას შეგვძენს და ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შემცირდება.
მატება ფრის შემთხვევაშიც იქნება, ოღონდ მხოლოდ 0,367 ქულა. მარცხის შემთხვევაში საქართველო 0,633, ხოლო დიდი სხვაობით მარცხის პირობებში 0,95 ქულას დაკარგავს და ეს შანსი იქნება აშშ-სა და კანადის ნაკრებისთვის. ამერიკელები 21 ნოემბერს ფიჯის, ხოლო კანადელები 22-ში რუმინეთს ეთამაშებიან და რეიტინგის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ. მოედანზე გასვლის წინ ქართველებისთვის მათი თამაშების შედეგები უკვე ცნობილი იქნება, მაგრამ არ გვგონია იმ დღეს ვინმე რეიტინგზე ფიქრობდეს.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IღB) მსოფლიო რეიტინგი 17 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,70
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89,93
3 (5). ირლანდია 84,84
4 (3). ავსტრალია 84,22
5 (4). ინგლისი 84,21
6 (6). საფრანგეთი 81,47
7 (7). უელსი 79,94
8 (8). შოტლანდია 78,27
9 (10). არგენტინა 76,42
10 (9). იაპონია 76,07
11 (11). სამოა 75,39
12 (13). ტონგა 74,62
13 (12). ფიჯი 74,18
14 (14). იტალია 71,19
15 (15). საქართველო 69,40
16 (16). აშშ 67,99
17 (17). კანადა 67,64
18 (18). რუმინეთი 66,57
19 (20). რუსეთი 64,12
20 (19). ურუგვაი 63,58
21 (21). ესპანეთი 60,65
22 (22). ნამიბია 59,11
23 (23). პორტუგალია 57,73
24 (24). კორეა 57,22
25 (26). გერმანია 56,32
26 (27). ზიმბაბვე 55,83
27 (25). ჰონკონგი 55,79
28 (28). მოლდოვა 55,38
29 (29). ჩილე 54,54
30 (30). ბელგია 54,50
31 (31). კენია 53,25
32 (32). უკრაინა 52,33
33 (33). ჰოლანდია 52,25
34 ...