რამდენიმე დღის წინათ ფეხბურთის ფედერაციამ მართლაც უპრეცედენტო საქმე გააკეთა, როცა უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს 200-200, ხოლო პირველი ლიგისას 50-50 ათასი ლარი ჩაურიცხა. კარგია ეს თუ ცუდი? საინტერესო ვითარება შეიქმნა და გადავწყვიტეთ გორის “დილას” მენეჯერს, გია ისიანს შევხმიანებოდით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია საქართველოში.
გია ისიანი: თავიდანვე იყო მიახლოებით ამ თანხაზე საუბარი. თქვეს, რომ გარდამავალი პერიოდისთვის კლუბები დახმარებას მიიღებდნენ. ფეხბურთის ფედერაციამ, მისმა აღმასკომმა გაითვალისწინა და ყველაფერი გააკეთეს, რათა დეკემბერ-იანვრამდე კლუბებს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდათ. ამისათვის დიდი მადლობა ფედერაციას და იმ ხალხს, ვინც უშუალოდ იღებდა გადაწყვეტილებას.
ამით დაიფარა ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებები. შევნიშნავ, მარტო ფეხბურთელების, თორემ ხელმძღვანელობას სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი თვის ხელფასი გვქონდა აღებული. თუმცა,შეგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემაც მოგვარდება.
დაიფარა სამივლინებო და წვრილ-წვრილი საშეჯიბრო ხარჯები, რომლებიც ფედერაციის თხოვნით გავითვალისწინეთ. იანვრიდან კი უკვე ადგილობრივ, მუნიციპალურ დახმარებას ველოდებით და იმედია, ეს პრობლემაც დროულად გადაწყდება.
ფედერაციის მხრიდან ეს გახლდათ საჭირო ინიექცია, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს ძალიან დიდი პრობლემები გადაუწყვიტა.
-ზოგი ამბობს, ეს ფული წყალში გადაყრილიაო...
- კლუბებს ფული მისცეს - ასეთი ფორმულირება არ მიყვარს. მაგრამ ამ გუნდებში არიან ცოცხალი ადამიანები: ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთში მომუშავე ხალხი, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და თვეობით ხელფასს ვერ იღებენ. ამიტომ, მე ამ აქციას ქართულ ფეხბურთში ჩადებულ ფულს დავარქმევდი და არა წყალში გადაყრილს.
-როგორ უნდა გავიგოთ, რომ ეს ფული მიზნობრივად დაიხარჯება?
- არსებობს ფედრაციის აღმასკომის წევრებისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს ყოველი თეთრის მიზნობრიობას. ინტერნეტითაც შეიძლება შემოწმდეს. ასე რომ, მერწმუნეთ, პრემიებზე თეთრიც არ დაიხარჯება.
-სადმე თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა, ფედრაციას ყველა კლუბი დაეფინანსებინოს?
- ნამდვილად არ გამიგია. გეტყვით, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. აზრადაც კი არავის მოუვიდოდა, რომ ფედრაცია მოიძიებდა ამ თანხებს და ეროვნულ ჩემპიონატს იანვრამდე გადაარჩენდა. იანვრიდან კი ყველა კლუბმა უნდა იზრუნოს, რომ სპონსორების თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტბის დახმარებით ფინანსური პრობლემები აღარ შეექმნათ.
-ბიუჯეტი რა ხანგრძლივობაზეა გაწერილი?
-ერთწლიან მონაკვეთს მოიცავს, ანუ იანვრიდან იანვრამდე. თუმცა, აქ, შესაძლოა, კანონთან წინააღმდეგობაში აღმოვჩნდეთ. უეფას ლიცენზირების წესით, დაფინანსება მინიმუმ წლინახევრიანი უნდა იყოს.
-გავიგეთ, რომ ახალი, გრძელვადიანი პროექტი გაქვთ, მონიტორინგის ჯგუფის შექმნას აპირებთ. მაგრამ ხომ ახსენეთ იმ 200 ათასს აღმასკომის მონიტორინგის ჯგუფი აკონტროლებსო. ესე იგი, უკვე არსებობს ასეთი ჯგუფი?
-არა. ეგ კონკრეტულად მაგ თანხის მონიტორინგია. მე კი ხანგრძლივ პერსპექტვაზე მაქვს გათვლილი პროექტი, რომელიც საბოლოოდ ინვესტორებსაც წაახალისებს და ტელევიზიასაც ჩართავს ფეხბურთში.შეიქმნება საერთო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც კლუბებისგან წამოღებულ ინფორმაციას დაამუშავებს. ორი წლის წინათ ვრცელი ინტერვიუ მივეცი თქვენს “მსოფლიო სპორტს,” სადაც ჩემი მაშინდელი პროგრამა წარვადგინე და ვთქვი, რომ მონიტორინგის ჯგუფი აუცილებლად უნდა შექმნილიყო. ამის შემდეგ დიდი სამუშაო გავწიეთ, თითქმის ყველა კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.საინტერსოა, რომ ეს ამბავი განსაკუთრებით კერძო კლუბების მმართველებს მოეწონათ, რომლებიც ცოტა ხნის წინათ სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. კითხვებიც ბევრი იყო, ცხადია. ახლა არსებობს ჯგუფი, ვისთან ერთადაც ამ პროექტზე ვმუშაობ. იქ ყველაფერი ზედმიწევნით, გამჭვირვალედ იქნება გაწერილი.
მაგალითისთვის, შეკრებები ავიღოთ. ვთქვათ, თურქეთში. იქ სასტუმროში კაცის ერთი დღე ყოფნა დაახლოებით 65-70 ევრო ჯდება, სამჯერადი კვებით, ტრანსპორტირების გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ გავერთიანდეთ, გინდა ყველა, გინდაც რამედენიმე კლუბი და სექტემბერშივე გავაგზავნოთ საერთო განაცხადი, რაც იანვარში 20-25 პროცენტიან შეღავათს მოგვცემს. თუ თვითმფრინავის ჩარტერს გავაკეთებთ, ეს კიდევ დაგვაზოგინებს თანხებს. ანუ, რისი თქმა მინდა, ერთიანობით და კოორდინაციით ბევრ კარგ და სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ. ასევე შიძლება მოვიქცეთ ატრიბუტიკის ან სამედიცინო პრეპარატების შეძენისას. მერწმუნეთ, ყველა კმაყოფილი დარჩება.
ასევე დასახელდება პრიორიტეტები –რაში უნდა დახარჯონ ფული. ხარჯთაღრიცხვა კი თავად კლუბების მესვეურებმა უნდა წარადგინონ რადგან ყველა კლუბს ინდივიდუალური პრობლემები აქვს. მაგალითად, გორის “დილას” ორი სტადიონი აქვს, ზოგს კი სტადიონი არ გააჩნია, ამიტომ იჯარისა თუ სხვა მხრივ, მეტი ხარჯი გამოსდის.
პრიორიტეტული უნდა იყოს ბავშვთა სკოლები. ვთქვათ, გვყავს 4 ასაკობრივი ჯგუფი. მწვრთნელი წარადგენს ხარჯს, რამდენი თამაში აქვთ, რამდენი ბურთი სჭირდებათ, როგორი ატრიბუტიკა, ფეხსაცმელი (ადრე, მაგალითად, სეზონის განმავლობაში გუნდი ფეხბურთელსთვის ორ წყვილ ბუცს ყიდულობდა, ახლა ვეღარ ახერხებენ, რადგან ძალიან ძვირია) და რაც მთავარია,სამედიცინო მომსახურება: დაზღვევა, აღდგენითი და სამკურნალო საშუალებები. თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპაში უკვე კბილების ჯანმრთელობასაც აქცევენ ყურადღებას, რადგან დაზიანებული კბილი ძალიან ცუდად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე.
-უსაფრთხოებაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ამას წინათ, ქობულეთში თქვენ რომ არ გადაფარებოდით მსაჯ კვარაცხელიას, ვინ იცის, რა მოხდებოდა. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
-სტადიონზე წესის დამრღვევი უნდა დაისაჯოს კანონის ძალით. თუნდაც ინგლისის მაგალითი მოვიყვანოთ. ვინც წესრიგს არღვევს, ან სტადიონზე შესვლას უკრძალავენ, ან ჯარიმებს უწესებენ. ხომ მოაგვარეს პრობლემა? ჩვენთან ხმაური ძირითადად ინციდენტის შემდეგ ატყდება ხოლმე. დასჯა-დაჯარიმებაც არ არის გამოსავალი. ყველაფერს სჭირდება ანალიზი. თავიდანვე უნდა ჩამოიწეროს ყველა შესაძლო პრობლემა და თამაშამდე გადაწყდეს. რატომ უნდა აგვიანებდეს პოლიციელი, როცა ინციდენტი ხდება? მოწინააღმდეგე გუნდების ფანები კი უნდა გამიჯნონ ერთმანეთისაგან.
საერთოდ ფანებზეც მინდა ვთქვა. ისინი აუცილებელნი არიან ფეხბურთისთვის და მეტ პატივისცემას იმსახურებენ. ევროპულ კლუბებში უკვე შტატში აჰყავთ ეგრეთ წოდებული მეკავშირეები, რომლებსაც მეტოქე ფნებთან ურთიერთობის დალაგება შეუძლიათ.