ფლორენციის "ფიორენტინას" შემტევი ნახევარმცველი იოსიპ ილიჩიჩი სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს, სანამ მთავარი მწვრთნელი სრეჩკო კატანეცი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია თავად სლოვენიელთა თავკაცმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
"იოსიპი შემადგენლობაში შეყვანილი მყავდა, მაგრამ ფეხბურთელმა ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. ჩემ ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს, შემატყობინეს, რომ იგი არ ითამაშებს ნაკრებში სანამ მწვრთნელად ვიქნები," - განაცხადა კატანეცმა.
26 წლის შემტევ ნახევარმცველს სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში სულ 26 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ილიჩიჩმა 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სლოვენიელები 15 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო სამ დღეში კოლუმბიას ამხანაგურად გაეჯიბრებიან. შესაბამისად, ასეთ რთულ მეტოქეებთან ნაკრებში ილიჩიჩის უთამაშებლობა გუნდისთვის დანაკლისია.