ბელგიის და უელსის ეროვნული ნაკრების ევროშესარჩევი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯორჯ უილიამსის და დრის მერტენსის საჰაერო ორთაბრძოლის დროს, "ნაპოლის" ბელგიელმა შემტევმა გონება დაკარგა. მატჩი ხუთი წუთით შეჩერდა და მერტენსი საავადმყოფიში ტვინის შერყევის დიაგნოზით გადაიყვანეს.
27 წლის ფეხბურთელი ჰოსპიტალში კიდევ 24 საათი გაჩერდება. ფეხბურთელმა თავის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ბელგიელთა კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ნაკრების სამედიცინო შტაბი შეშინებული იყო, როდესაც მერტენსმა მოედანზე გონება დაკარგა.
მერტენსმა "ნაპოლის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.