ქართველმა კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ რუსული “ნიჟნი ნოვგოროდის” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. მისმა ახალმა კლუბმა ვთბ-ლიგაში ყუბანის “ლოკომოტივი” 71:60 დაამარცხა, ლევანმა კი მოედანზე 07:36 წუთი დაჰყო.
ფაცაციამ თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, აქტივში 1 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ნოვგოროდელთა რიგებში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ბელარუს არტიომ პარახუსკის (9 ქულა, 10 მოხსნა), ამერიკელმა ტერენს კინსიმ კი 16 ქულა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ “ნიჟნი ნოვგოროდს”, რომელსაც ლატვიელი სპეციალისტი აინარს ბაგატსკისი ავარჯიშებს, ვთბ-ლიგაში შვიდივე თამაში მოგებული აქვს და ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ფაცაციას კლუბს აღნიშნულ შეჯიბრში მომდევნო მატჩი 1 დეკემბერს, შინ, ფინური “ბიზონსის” წინააღმდეგ ელის, მანამდე კი ევროლიგაში 2 მატჩს ჩაატარებს, 21 ნოემბერს იტალიაში – “დინამო სასარისთან” და 28-ში, ნოვგოროდში – კაუნასის “ჟალგირისთან”.